ავტორი:

"შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ" - ბორელი

"შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ" - ბორელი

შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში რუსული პროპაგანდა ძალიან ინტენსიურია და ასეთი მიმართულებით თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში.

"თქვენ ბრძანეთ „მეორე ფრონტის“ გახსნის თაობაზე. აღნიშნულზე პასუხი მარტივია: „ხმაური“. ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება. ეს პრობლემას ქმნის. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს, უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა ძალიან ინტენსიურია ქვეყანაში და ასეთი მიმართულებით თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში.

ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს, როდესაც შეთანხმების მიღწევას ვცდილობთ. შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან მათი პოზიციები ჩვენი პოზიციების თანმხვედრი იყოს. როდესაც კანდიდატები წევრ სახელმწიფოდ გადაიზრდებიან, მათაც იმავეს კეთება შეძლონ, თავსებადი იყოს პოლიტიკა.

დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერთან აღნიშნულზე საუბარი, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვახსენეთ ეს თავაზიანად. ეს საკითხი, მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იყოს ხაზგასმით განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან თავსებადობაში უნდა მოვიდეს, ყველა ქვეყნის მოთხოვნაც არის ეს“, - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, საქართველოში მან სამი გზავნილი ჩამოიტანა, რომელთაგან ერთ-ერთი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთად მუშაობის საჭიროებას ეხება, რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

"ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე და შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ, ეს ჩვენს დასკვნაში, რომ ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ 3 მათგანი და დანარჩენი 9 შესასრულებელია. თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად. უპირველესად უნდა მოხდეს დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის შესასრულებლად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი. ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად არა მარტო იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ, ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება ქვეყანამ აიღოს, მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ბორელმა.