ავტორი:

"მამას ღვარცოფმა ხელიდან გამოსტაცა ბავშვი... ჩემი მეგობრის შვილია, საშინელება ტრიალებს" - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი დაღუპულ არასრულწლოვანზე?

"მამას ღვარცოფმა ხელიდან გამოსტაცა ბავშვი... ჩემი მეგობრის შვილია, საშინელება ტრიალებს" - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი დაღუპულ არასრულწლოვანზე?

სოფელ ჯუმათში ნაპოვნი გარდაცვლილი არასრულწლოვანი თორნიკე ჩხარტიშვილია. ის ჯუმათის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე იყო.

როგორც გარდაცვლილის მამის მეგობარი AMBEBI.GE-ს ეუბნება შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ჩხარტიშვილების ოჯახში მეწყერი ჩამოწვა და ისინი საშველად მეზობლის სახლში გადადიოდნენ.

"ჩემი მეგობრის შვილია, საშინელება ტრიალებს, საუბარი არ შემიძლია, ვერც ვერავის ვუკავშირდები, ერთი რაც ვიცი ის არის, რომ მათი სახლი დგას ველის პირას, ჩამოწვა მეწყერი მათ სახლთან და გამოდიოდნენ სახლიდან, მეზობლის სახლში გადადიოდნენ. მეზობლის სახლი უფრო მაღლობზე დგას და ამ დროს მამას ღვარცოფმა ხელიდან გამოსტაცა ბავშვი და გაიტაცა. მას მერე ეძებდნენ და დღეს იპოვეს ბავშვი გარდაცვლილი. არაფრის თქმის თავი არ მაქვს, დახოცილები ვართ ყველა, ეს რა მოხდა" - ამბობს ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში.

პარალელურად გრძელდება ჯიხანჯირში დაკარგული არსრულწლოვნის ძებნა. ასევე, სოფელ სილაურში სტიქიისას დაკარგულ ერთ მოქალაქეს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან.

"გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: