ბოლო 1 წლის განმავლობაში, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა. საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები ყველაზე ანტიევროპული ძალები, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დეპოლარიზაცია რთული და კომპლექსური საკითხია.
"კიდევ ერთი რეკომენდაცია რჩება, შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი, რომელიც არის დეპოლარიზაცია. დამეთანხმებით, ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური საკითხი. ზოგადად, კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი განსხვავებული აზრი, ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 9 პარტია შევიდა პარლამენტში 2020 წელს. თავისუფალი მედია გვაქვს, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება.
სამწუხაროდ, რაც დავაკვირდით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა. საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით და გამოცდილებით, წინა ხელისუფლების პარტიას ვგულისხმობ, ყველაზე ანტიევროპული ძალები, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის მინიჭება. ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, რომ ვითანამშრომლოთ მათ შორის ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ასევე ჩვენთვის პრიორიტეტია მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, ხალხისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა“,- აღნიშნა პრემიერმა.