ავტორი:

"უკარგეს ბიჭს ვეძებთ, მეშვიდე კლასელია, ნეტავ, ცოცხალი იყოს... ეზოში ჰქონდათ დამხმარე ნაგებობა, იქ ეძინა ბავშვს. უცებ მოხდა ყველაფერი" - რას ჰყვებიან ადგილობრივები სტიქიის ზონიდან

"უკარგეს ბიჭს ვეძებთ, მეშვიდე კლასელია, ნეტავ, ცოცხალი იყოს... ეზოში ჰქონდათ დამხმარე ნაგებობა, იქ ეძინა ბავშვს. უცებ მოხდა ყველაფერი" - რას ჰყვებიან ადგილობრივები სტიქიის ზონიდან

უმძიმესი ვითარებაა გურიაში, სადაც ძლიერ სტიქიას ებრძვიან. წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში შექმნა პრობლემები, რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი, ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მეწყერმა დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც და მეწყერში მოყვა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რადგან მეწყერმა დააზიანა სახლები. ჩოჩხათის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ჯიხანჯირში ეძებენ არასრულწლოვანს, მათი სახლი მეწყერმა დაფარა.

თორნიკე ტიკაძე, ლანჩხუთის მერის მოადგილე:

- ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, მიმდინარეობს სამუშაოები, ჩაკეტილია რამდენიმე სოფელი. განსაკუთრებით გვიჭირს ჩოჩხათის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ჯიხანჯირში, მეწყერში ბავშვია მოყოლილი. ახლა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ იქამდე მივაღწიოთ. სახლში იყო ბავშვი, ეძინა და მეწყერმა წაიღო ის ნაგებობა. ოჯახის სხვა წევრებმა მოახერხეს გამოღწევა, ორი სახლი იდგა, ერთი დამხმარე ნაგებობასავით იყო და ბავშვს იქ ეძინა, ჩემი ინფორმაციით. სხვები გადარჩნენ.

მაშველებსაც უჭირთ მუშაობა, რადგან ისევ გადაუღებლად წვიმს, მძიმე ტექნიკა შეგვყავს ახლა, რომ როგორმე მივიდეთ იმ სახლთან, სადაც ბავშვია. დაახლოებით 5-მდე სახლი იქნება დამეწყრილი, ხალხი გამოვიდა. ძალიან ძლიერი წვიმაა, გადაუღებლად წვიმს და მისვლაც ამიტომ ჭირს. რამენაირად უნდა ავიდეთ იმ ადგილას, სადაც ბავშვია. სამაშველო ჯგუფები გვყავს და მუშაობენ.

ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეული არის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, სუფსაში და სხვაგან დატბორილია სახლები. ამ ბავშვის სახლი მთის ძირას იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან.

ძლიერი ნალექის შედეგად, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს. ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვნის მიმართ მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიება.

სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, დაკარგულია მეშვიდე კლასელი ბიჭი, იურა გუჯაბიძე და ახლა ყველა ცდილობს რომ მას ცოცხალს მიაგნონ.

"მეშვიდე კლასელია იურა გუჯაბიძე, ნეტავ, ცოცხალი იყოს, სხვა არაფერი მინდა. უკარგეს ბიჭს ვეძებთ. არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, ძალიან კარგი ინტელიგენტი ოჯახის შვილია, ძალიან კარგი ბიჭი. ძალიან მძიმე დღეში ვართ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. იმედი გვაქვს, რომ ბავშვი ცოცხალი იქნება. ღამის 11 საათზე მოვარდა მეწყერი წუხელ, იმ დროიდან ოჯახი შველას ითხოვდა. ეზოში ჰქონდათ დამხმარე ნაგებობა, "კუხნას" რომ ეძახიან, იქ ეძინა ბავშვს. უცებ მოხდა ყველაფერი. ვინ ელოდა ამ საშინელებას. დედ-მამა და ოჯახის სხვა წევრები ძირითად სახლში იყვნენ ეტყობა. ვერც ოჯახს ვუკავშირდები, ის დამხმარე სახლი ჩაიტანა მეწყერმა.

იმედი მაქვს, ცოცხალი იქნება, იურა ანგელოზი ბავშვია. ღმერთო, ადგილს ვერ ვპოულობ, იქამდე მისვლასაც ვეღარ ვახერხებ. სამი ხიდი აქვს წყალს წაღებული. უმძიმესი სიტუაცია, ის მინდა, ბავშვი როგორმე ცოცხალი იპოვონ. მთელი სოფელი ეძებს", - გვითხრა ადგილობრივმა. განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: