ავტორი:

ესპანეთში ერთი კოცნის გამო დაწყებული სკანდალი გრძელდება - ფეხბურთელმა გოგონამ ფედერაციის პრეზიდენტს უჩივლა: ლუის რუბიალესს 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება

ესპანეთში ერთი კოცნის გამო დაწყებული სკანდალი გრძელდება - ფეხბურთელმა გოგონამ ფედერაციის პრეზიდენტს უჩივლა: ლუის რუბიალესს 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. სამშაბათს, ესპანეთის ნაკრების მოთამაშემ, ჯენიფერ ერმოსომ პროკურატურაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.

ფეხბურთელი გოგონა მანამდე აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი გამარჯვებით გამოწვეული ემოციებს გამო მოხდა.

"კოცნა ნამდვილად მოულოდნელი იყო, თუმცა ყველაფერი ემოციის გამო მოხდა - მეტი არაფერი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს აჟიოტაჟს არ გამოიწვევს”, - ამბობდა თავდაპირველად ფეხბურთელი.

აგვისტოს ბოლოს, ეროვნული სასამართლოს პროკურატურამ რუბიალესის მიერ შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე წინასწარი გამოძიება დაიწყო, მაგრამ ხელისუფლებას საქმის გასახსნელად თავად ფეხბურთელის განცხადება სჭირდებოდა.

"სექსუალური ძალადობის საქმის აღძვრისთვის აუცილებელია დაზარალებულმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა სასამართლოში შეიტანოს სარჩელი ან მიმართოს პროკურატურას“, - აცხადებდნენ პროკურორები.

როგორც ცნობილია, დისციპლინურ გამოძიებას აწარმოებს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაც (FIFA), რომელმაც რუბიალესი საფეხბურთო საქმიანობას სამი თვით ჩამოაშორა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, მათ შორის საკუთარი ფედერაციის ხელმძღვანელობისგან, რუბიალესმა უარი თქვა გადადგომაზე და განაცხადა, რომ სასამართლოში თავს დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მან ინგლისის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. მაგრამ დაჯილდოების ცერემონიაზე ყველას ყურადღება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის საქციელმა მიიპყრო - რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, ჯენიფერ ერმოსოს უკითხავად აკოცა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა.

იხილეთ ასევე: