მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი წინააღმდეგობრივი პოლიტიკური მოღვაწე, როგორიც ედუარდ შევარდნაძე იყო. ბევრ დადებითთან ერთად, ის უხვად იყო "დახუნძლული" უარყოფითი თვისებებითაც. ამიტომ მრავალ მხარდამჭერთან ერთად, უფრო მეტი მტერ–მოწინააღმდეგე ჰყავდა. თუმცა რაც არ უნდა დავუკარგოთ, ეს პიროვნული გამბედაობა და სიმამაცეა. მისი მტრებიც კი აღნიშნავენ მის ამ გამორჩეულ თვისებას. ის არ ერიდებოდა ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი აღელვებული ხალხის მასებში გასვლას და მათთან დიალოგის დაწყებას, თვითმხილველებიც ადასტურებენ მის პიროვნულ სიმამაცეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამხედრო კოფლიქტების დროს. თუმცა . შევარდნაძის ბიოგრაფიის შუქ–ჩრდილები ყველამ კარგად ვიცით, ამიტომ თავს არ შეგაწყენთ ამაზე საუბრით. როგორ იცავდნენ შევარდნაძეს? – აი ეს თემა მინდა დღეს ერთად განვიხილოთ.
საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში სახელმწიფო მოღვაწეების და ობიექტების დაცვას კა-გე-ბეს სტრუქტურაში არსებული მე-9 სამმართველო ახორციელებდა. რესპუბლიკებში კი ამ დანაყოფს განყოფილების (სამმართველოს) სტატუსი ჰქონდა, რომლის ოპერატიულ თანამშრომლებს სულ ზეპირად უნდა ცოდნოდათ კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის კორტეჟის მოძრაობის მთელ მანძილზე რამდენი "ბომჟი" თუ რეციდივისტი ცხოვრობდა, "ტრასაზე" რამდენი გადამკვეთი ქუჩა და საკანალიზაციო ჭა იყო. კორტეჟის გავლის (ე.წ."პროეზდის") დროს აივანზე გამოსვლაც კი სასტიკად იკრძალებოდა. ძირითად გზაჯვარედინებზე მოძრაობა იკეტებოდა, რასაც ავტოინსპექცია და "სამთავრობო დაცვა" ერთობლივად აკონტროლებდნენ. კორტეჟის მოძრაობის რამდენიმე მარშრუტი წინასწარ იგეგმებოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო არც ერთი გაჩერებული ავტომობილი, ავტობუსი, თუ ტროლეიბუსი. კორტეჟის ადგილიდან დაძვრამდე პირადი დაცვის უფროსის გარდა, არავინ იცოდა, რომელ მარშრუტს აირჩევდნენ. იყო კიდევ სხვა, ერთი შეხედვით "წვრილმანი დეტალები", რომლებიც გულმოდგინედ მუშავდებოდა, რათა შემდეგ უსიამოვნო სიურპრიზები ნაკლები ყოფილიყო. "სამთავრობო დაცვის" მკაცრ მოთხოვნებს ყველა საბჭოთა ჩინოვნიკი ერთნაირად როდი იცავდა. 1953–1972 წლებში საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე სწორედ ერთ–ერთი იმათგანი იყო, ვისაც "ხალხში გასვლა" საკუთარი პოპულარობის გაზრდისთვის არ სჭირდებოდა. ეს მისი შინაგანი მოთხოვნილება იყო. როგორც პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატს, ვ. მჟავანაძეს გაძლიერებული დაცვა ეკუთვნოდა. არსებული ინსტრუქციის თანახმად, მის კორტეჟში მინიმუმ ხუთი ავტომობილი უნდა ყოფილიყო (წინ ავტოინსპექციის მანქანა, შემდეგ დაცვის მანქანა, შუაში მჟავანაძის ავტომობილი, შემდეგ დაცვის მანქანა და ბოლოს ავტოინსპექციის ავტომობილი), თუმცა ვასილ პავლოვიჩს არ უყვარდა დიდი ესკორტები და პირადი დაცვის აქეთ–იქით სირბილი. თუ ოფიციალური სტუმარი არ იყო ჩამოსული, მჟავანაძის ავტომობილს მხოლოდ ერთი ავტოინსპექციის მანქანა აცილებდა, ხოლო პერსონალურ ავტომობილში ("ვოლგა" ან "ჩაიკა") მხოლოდ პირადი დაცვის უფროსი იჯდა. დასაცავი ობიექტის ავტომობილში განლაგებაც მკაცრად რეგლამენტირებული იყო: მძღოლის (რომელიც ასევე "სამთავრობო დაცვის" შეიარაღებული ოფიცერი იყო) გვერდით პირადი დაცვის უფროსი უნდა მჯდარიყო, ხოლო მის უკან თავად დასაცავი ობიექტი. მჟავანაძე ყოველთვის, წინ, მძღოლის გვერდით იჯდა. უკანა სავარძელზე კი მისი პირადი დაცვის უფროსი თავსდებოდა. ვასილ პავლოვიჩი მოსახლეობის დიდი სიყვარულით სარგებლობდა და მასზე თავდასხმის საფრთხე მინიმალური იყო. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, პირადი დაცვა ვალდებული იყო ინსტრუქციები მკაცრად დაეცვა. ინტერნეტში ერთ კურიოზულ ფოტოს წავაწყდი და მინდა თქვენც იხალისოთ.
თუ ფოტოს კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ მჟავანაძის ხელმარცხნივ მდგომ, გამწვანების პროცესში მონაწილე ქალბატონს ხელში მოზრდილი ნაჯახი უჭირავს და რაღაც ორაზროვნად უმზერს "პავლოვიჩს". მჟავანაძის პირადი დაცვის უფროსიც ახლოს დგას, თუმცა ქალბატონმა რამე "ავი საქმე", რომ მოინდომოს საეჭვო დაცვამ რაიმე მოასწროს.
მომდევნო ცეკას პირველ მდივან შევარდნაძეს არ უყვარდა იმპროვიზაციები და დაცვის მკაცრ ინსტრუქციებს მაქსიმალურად ითვალისწინემდა, რაც დაცვის სამსახურს მუშაობას უადვილებდა. თუმცა იყო რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა (თუნდაც "დინამოს" სტადიონზე აღშფოთებულ მაყურებლებთან მისვლა), როდესაც შევარდნაძე დაცვასთან შეუთანხმებელ სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებდა. ეს ისტორიები კარგადაა ცნობილი და აღარ დავუბრუნდები, 1985 წლის 30 ივლისს ჰელსინკში შედგა ედუარდ შევარდნაძის, როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის საერთაშორისო დებიუტი. მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა ყურადღებით აკვირდებოდა ქართველ "კინდერ–სიურპრიზს". შევარდნაძესაც არ ეზარებოდა მისი "საფირმო ღიმილის" უხვად ჩამორიგება და რაც მთავარია: მას არ უჭირდა პრესასთან კომუნიკაცია. ამაში კი სხარტი გონება, სწრაფი რეაქცია და გურული იუმორი ძალზე ეხმარებოდა. ჰელსინკის შეხვედრაზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ შულცმა "შევისთან" თავის მოწონება გადაწყვიტა და მას შარვალ– კოსტუმში გამოწყობილი მომცრო ტანის ახალგაზრდა ქალი წარუდგინა: "მინდა გაგაცნოთ ჩემი საუკეთესო პირადი მცველი", - უთხრა შულცმა. "შევი" ყურადღებით დააკვირდა შულცის ძონძროხა ტანს და პირადი მცველის მინიატურულ ფიგურას: მათ შორის არსებული არაპროპორცია თვალში საცემი იყო. შევარდნაძეს ბევრი არ უფიქრია, შულცს ხელი მაგრად ჩამოართვა და წარმოსთქვა: "ბოლოს და ბოლოს დავწყნარდი, ვხედავ რომ ამერიკის ბედი საიმედო ხელშიაო". იმავე შეხვედრაზე ერთი საინტერესო შემთხვევაც მოხდა. შულცთან მოლაპარაკების შემდეგ ისინი შენობიდან გამოვიდნენ და ჟურნალისტების დერეფნის გავლით მანქანებისკენ წავიდნენ. ერთ–ერთი "უძველესი პროფესიის" წარმომადგენლებს რა მოასვენებდათ და დიპლომატებს შეკითხვების კორიანტელი დააყარეს . ერთმა მომხიბლავმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ქალმა "შევის" ჰკითხა: — ხვალ დასვენების დღეა, როგორ აპირებთ თავისუფალი დღის გატარებას? შევარდნაძე ჟურნალისტთან ახლოს მივიდა და ღიმილით მიუგო: "რაიმე საინტერესო წინადადებები ხომ არ გაქვთ?".
საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომამდე შევარდნაძემ უყურადღებოდ არ დატოვა პირადი დაცვის წევრები. მიხეილ გორბაჩოვის პირადი დაცვის უფროსი მედვედევი მოგონებებში ამგვარად ახასიათებს შევარდნაძეს: " სანამ თანამდებობას დატოვებდა, შევარდნაძემ წინასწარ იზრუნა თავისი დაცვის თანამშრომლებზე: ერთი გაგზავნა საგარეო ეკონომიკურ აკადემიაში, მეორე ერთ-ერთი უცხო ქვეყნის საელჩოში, მესამეს კი ადგილი საგარეო საქმეთა სამინისტროში მოუძებნა. დაცვის ოფიცრები ყოველთვის მადლიერებით იხსენებენ მას".
არსებული ინფორმაციით, მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ შევარდნაძის უსაფრთხოებას მოსკოვში მცხოვრები ცნობილი მოჭიდავის, მიხეილ მამაიაშვილის ჯგუფი იცავდა.
შევარდნაძე საქართველოში 1992 წლის 7 მარტს დაბრუნდა. მანამდე იყო რეგულარული და ფარული მოლაპარაკებები ჯაბა იოსელიანთან შევარდნაძის სტატუსის შესახებ. ამის შესათანხმებლად მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოდიოდნენ შევარდნაძის ყველაზე სანდო თანაშემწეები: თეიმურაზ სტეპანოვი–მამალაძე და სერგეი ტარასენკო. შემდეგ უკვე ჯაბა მოსკოვში ურეკავდა შევარდნაძეს დეტალების დასაზუსტებლად.
სიგუა და კიტოვანი შევარდნაძის დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ: ეგ ისეთი მელაა კვლავ პირველკაცობას მოინდომებსო – უმტკიცებდნენ იოსელიანს. თუმცა იმ სამეულში ჯაბას "მიჰყავდა პარადი", ამიტომაც თავიდანვე მან იკისრა შევარდნაძის უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. განაგრძეთ კითხვა