მედიაში რუსი გენერლის, სერგეი სუროვიკინის ფოტო გავრცელდა. რომელიც სავარაუდოდ, ახალია. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, სუროვიკინი მეუღლესთან, ანასთან ერთად ქუჩაში სეირნობს - ფოტოს ავთენტურობა ჯერჯერობით არ დასტურდება. ცნობისთვის, ის "ვაგნერის" ამბოხის შემდეგ არ გამოჩენილა.
"გენერალი სერგეი სუროვიკინი გარეთ არის. ცოცხალი და ჯანმრთელია. იგი ოჯახთან ერთად მოსკოვში იმყოფება. ფოტო გადაღებულია დღეს", - წერს რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი "ტელეგრამზე.“
რუსი გენერალი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ამბოხის მცდელობის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამბოხში შესაძლო თანამონაწილეობის ბრალდებით, რუსეთში გამოძიება მიმდინარეობდა.
რუსული მედიის ცნობით, სუროვიკინმა იცოდა, რომ პრიგოჟინი აჯანყებას გეგმავდა, თუმცა ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყებას ინფორმაცია არ მიაწოდა.
ბოლოს გენერალი სუროვიკინი ვიდეო მიმართვის დროს იხილეს, რომელშიც "ვაგნერის" ძალებს აჯანყების შეჩერებისკენ მოუწოდებდა. რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.