ავტორი:

როგორია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და ვადები? - დეტალებს კონსტიტუციონალისტი განმარტავს

როგორია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და ვადები? - დეტალებს კონსტიტუციონალისტი განმარტავს

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპის ქვეყნებში ვიზიტები დაიწყო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი კვლავ გააქტიურდა. პრეზიდენტს მმართველმა გუნდმა ამჯერადაც შეახსენა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ის მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. როგორც "ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, პრეზიდენტმა კონსტიტუცია "უხეშად დაარღვია“, რასაც რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ, ხოლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში, რეაგირების მექანიზმი სწორედ იმპიჩმენტი შეიძლება იყოს.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ambebi.ge-სთან განმარტავს, თუ რა პროცედურები და ვადებია პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით:

"იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის მინიმუმ 50 დეპუტატს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში დასაბუთებულ ბრალდებას წარადგენენ - დაწერენ, რომელი მუხლი დაირღვა, რატომ დაირღვა, დარღვევის რა მტკიცებულებები არსებობს. შემდეგ საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ამ საკითხზე 1 თვის ვადაში იმსჯელებს (საამისოდ 1 თვე აქვს). ამასთანავე, იმისთვის, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია დარღვეულად ჩაეთვალოს, ამ გადაწყვეტილებას 9-დან 6-მა მოსამართლემ უნდა დაუჭიროს მხარი.

საკონსტიტუციო სასამართლომ თუ უარყოფითი პასუხი დაწერა, იმპიჩმენტზე მსჯელობა დასრულდება.

დადებითი დასკვნის შემთხვევაში (ანუ თუ თქვა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია), საკითხი გადავა პარლამენტში, სადაც მას აქვს ორი კვირა და სადაც საჭიროა 100 დეპუტატის ხმა. ეს ხმები თუ ვერ მოგროვდა, პროცესი, რა თქმა უნდა, შეწყდება და იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის აღძვრა აღარ შეიძლება.

100 ხმა თუ მოგროვდა, მაშინ უკვე 45 დღის ვადაში ჩატარდება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ პრეზიდენტს ხალხი კი აღარ აირჩევს, არამედ 300 კაცისგან შემდგარი კოლეგია, სადაც შედის ყველა დეპუტატი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი და ამას პლუს თვითმართველობების, საკრებულოების წარმომადგენლები, სადაც სპეციფიური ფორმულით გამოიანგარიშება, პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით.

დღეს ზოგიერთები ლაპარაკობენ იმაზე, რომ თავად ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და თუ ასე ფიქრობენ, შეიძლება ამ მუხლით მთავრობის იმპიჩმენტიც დაიწყონ. არ ვიცი, ახლა საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, თეორიულად ყველაფერი შეიძლება, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ სხვა არღვევს კონსტიტუციას, მაშინ უნდა დაიწყოს შესაბამისი პროცედურა მთავრობის იმ წევრების მიმართ - პრემიერ-მინისტრი იქნება, თუ სხვა. ამის დაწყება შეუძლია იმავე პარლამენტს, პარლამენტის ოპოზიციურ ნაწილს - ასევე 50 კაცს და პროცედურა იქნება იგივე, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში“.