ავტორი:

ცნობილი გახდა, ვინ არის პილოტი, რომელიც რუსეთიდან უკრაინაში ვერტმფრენით გაიქცა - "6-თვიანი საიდუმლო სპეცოპერაციის" დეტალები

ცნობილი გახდა, ვინ არის პილოტი, რომელიც რუსეთიდან უკრაინაში  ვერტმფრენით გაიქცა - "6-თვიანი საიდუმლო სპეცოპერაციის" დეტალები

გასულ კვირას რუსი პილოტი მი-8 ტიპის ვერტმფრენით უკრაინაში, ხარკოვის პოლტავას სამხედრო საჰაერო ბაზაზე დაეშვა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მომხდარი "ექვსთვიანი საიდუმლო სპეცოპერაციის“ კულმინაცია იყო. მისი თქმით, პილოტის ოჯახი რუსეთიდან უკრაინაში შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ჩაიყვანეს.

რუსი პილოტის ვინაობა კვირას, დოკუმენტურ ფილმში “რუსეთის ჩამოგდებული მფრინავები“ გასაჯაროვდა - ის 28 წლის მაქსიმ კუზმინოვია. მისი თქმით, ის თავად დაუკავშირდა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს, რომლებმაც მას უსაფრთხოების გარანტია და ფულადი კომპენსაცია შესთავაზეს.

მან გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ის, რაც დღეს ხდება, უკრაინელი და რუსი ხალხის გენოციდია და არ სურს ამ დანაშაულში მონაწილეობა. მისივე თქმით, ცალსახაა, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია. კუზმინოვმა უკრაინის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა სხვა რუს მფრინავებსაც.

"თუ იმას გააკეთებთ, რაც მე გავაკეთე, ამას ნამდვილად არ ინანებთ. მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნებით“, - განაცხადა კუზმინვამა და დაამატა, რომ უკრაინაში არანაირი ფაშისტები და ნაცისტები არ არიან.

  • დოკუმენტურ ფილმში აღნიშნულია, რომ კუზმინოვთან ერთად ბორტზე ეკიპაჟის კიდევ ორი წევრი იმყოფებდა, რომლებმაც პილოტის გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ. როცა მიხვდნენ, რაც ხდებოდა, გაქცევა სცადეს, თუმცა უკრაინის ძალებმა ორივე მათგანი მოკლეს.

მაქსიმ კუზმინოვი ამჟამად ოჯახთან ერთად უკრაინაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მან უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის არმიის ავიაციის, საკომუნიკაციო სისტემებისა და აეროდრომების ქსელის შესახებ ღირებული ინფორმაცია გადასცა.