38 წლის ნიკოლოზ ჩალაძე შოვში კოტეჯების მშენებლობაზე ორ მეგობართან ერთად მუშაობდა, როცა მეწყერი ჩამოწვა. ნიკას ცხედარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ მაშველები, ბოლოს ის წყალმა სტიქიის ეპიცენტრიდან 30 კილომეტრში, მისი სახლის ახლოს ჩაიტანა და მდინარის ნაპირზე გამორიყა. ნიკა შოვის სტიქიიდან მე-19 დღეს დაკრძალეს.
ნიკოლოზ ჩალაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა - დემეტრე და დავითი. სტიქიის დროს დაღუპული კაცის ოჯახს დღეს საზოგადოების მხარდაჭერა და სოციალური შემწეობა სჭირდება.
"პატარას, დავითს, დაუნის სინდრომი აქვს, დახმარებას იღებს და პროგრამაშიც ჩართულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენი რამ სჭირდება ასეთი ბავშვის მოვლას. ნიკას სურდა ახალი სახლი აეშენებინა. მე სამსახურის გამო დედაჩემთან ვარ სოფელ წესში, ამბროლაურში, ნიკას სახლი კი ონშია, სოფელ ლაგვანთაში, სადაც 14 კაცი ვცხოვრობთ. ახლა ოჯახის მე-15 წევრს ველოდებით", - ამბობს ნიკოლოზ ჩალაძის მეუღლე ეკა გოგლიძე და ნიკასთან 6-წლიან ბედნიერ თანაცხოვრებაზე გვიყვება, რომელიც სტიქიამ ერთ წამში წალეკა.
ეკა გოგლიძე:
- მე და ნიკამ ერთმანეთი 2016 წელს რაჭაში გავიცანით, ერთი წლის მერე კი დავქორწინდით. 6 წელი ბედნიერად ვცხოვრობდით, ხან ჩვენთან ვიყავით სოფელში, ხან ნიკას ოჯახში. ნიკას არ ჰქონდა სტაბილური სამსახური და აღებულ საქმეებზე მუშაობდა, მშენებლობებზე, ვენახში... ერთხანს თბილისშიც იყო, მაგრამ პანდემია დაიწყო და უკან დაბრუნდა. ბევრს წვალობდა, ძირითადად, მის დეიდაშვილ თემურ ჩარკვიანთან ერთად მუშაობდა, რომელიც ასევე შოვში დაიღუპა. მათთან მესამე ბიჭიც იყო, ჩვენი თანასოფლელი დიმიტრი ფირცხალავა. ისინი იმ საბედისწერო დღეს შოვში იყვნენ კოტეჯის მშენებლობაზე. ბიჭები იმ ადგილას მოყვნენ, სადაც ორი ღვარცოფული მასა გაერთიანდა. ყველა კოტეჯი ქვემოთ, იმ ადგილას ჩამოიტანა, სადაც ისინი მუშაობდნენ... სამს 20 წუთი აკლდა, როცა ნიკას ბოლოს ვესაუბრე, მერე ფოტოებიც გავუგზავნე, მაგრამ არა აქვს ნანახი. 7 აგვისტოს ჩვენს უფროს ვაჟს, დემეტრეს, დაბადების დღე აქვს და რაღაცებს ვგეგმავდით. მერე სოციალურ ქსელში დაიწერა შოვში ღვარცოფის შესახებ და მაშინვე დავრეკე, ნიკას ეცოდინება, რა ხდება-მეთქი. რას წარმოვიდგენდი, თუ რამე მოუვიდოდა. დავრეკე და ზარი არ გავიდა. მერე ნიკა დაკარგულად გამოცხადდა. გული ცუდს მაინც არ მიგრძნობდა, ვფიქრობდი, რომ ისინი გადარჩენილებთან ერთად იყვნენ და სხვებს ეხმარებოდნენ. კარგად ვიცნობდი ნიკას და ბიჭებს და მჯეროდა, ხალხს გაჭირვებაში არ მიატოვებდნენ. მაშველებმა ბოლო ადამიანი რომ გამოიყვანეს, მაშინ მივხვდი, რა უბედურებაც დამატყდა თავს.
მთელი ღამე არაფერი ისმოდა, ვერტმფრენი ვერაფერს აკეთებდა, გვიანობამდე ტელევიზორს მივჩერებოდი, შემთხვევის ადგილიდან ჟურნალისტები ერთვებოდნენ და ვერანაირი ინფორმაცია რომ ვერ მივიღეთ, მეორე დილით მივედით იმ ტერიტორიაზე, სადაც ლაფი იწყებოდა, იმის იქით თითქოს სიცოცხლე შეწყდა. ხალხის გადმოყვანა დამთავრებული იყო, მაგრამ თითქოს ტყიდან ვიღაცები გამოვიდნენ კონტაქტზე და მჯეროდა, რომ ნიკა და ბიჭებიც ტყეში იქნებოდნენ. დღის ბოლოს ძლიერი წვიმა დაიწყო, ჩამოვედი გლოლაში, უკვე აზრი აღარ ჰქონდა იმაზე ფიქრს, რომ ნიკა ცოცხალი იყო. სანამ ცხედარს ვიპოვიდით, ის 19 დღე სულ ვფიქრობდი, ნეტავ არ იპოვონ-მეთქი, მკვდარს რომ ვერ დავინახავდი, იმედი მაინც იქნებოდა, რომ სადღაც ცოცხალი იყო... მივხვდი, აზრი აღარ ჰქონდა იქ დგომას და ლოდინს, თუმცა ჩემი მაზლები და მთელი სოფლის ბიჭები იქ იყვნენ. საიდან აღარ ჩამოვიდა ხალხი, მიცვალებულებს ეძებდნენ. ყველგან ხდება მსგავსი ტრაგედია, მაგრამ თურმე სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, მაინც ისე მძაფრად ვერ აღიქვამ.
ბიჭები წყალში, მდინარის ნაპირზე იპოვეს. ჩვენ შოვიდან 30 კმ-ით ვართ დაშორებული და წარმოიდგინეთ, მდინარემ ცხედარი ჩვენი სახლის სიახლოვეს ჩამოიტანა.
პატარა ჯერ ვერაფერს ხვდება, წლინახევრისაა, მაგრამ დემეტრემ იცის, რომ მამა აღარ დაბრუნდება. მაინც მეკითხება ხოლმე, მამა როდის მოვაო, მაგრამ თან ხვდება, რომ ეს აღარ მოხდება. მართალია, დაკრძალვას არ დასწრებია, მაგრამ ხატების კუთხეში გადიდებული ფოტოები გვიწყვია, კანდელიც ხომ გვინთია და... დემეტრე ყოველდღე სურათებთან მიდის, სანთელს ანთებს და თავისებურად ლოცულობს. რომ დაასრულებს, მერე იტყვის ხოლმე, მამა კარგად იქნებაო. მან ჯერ არ იცის, რა არის სიკვდილი, 5 წლისაა. 7 აგვისტოს შოვში ვგეგმავდით მისი დაბადების დღის აღნიშვნას. აწი იქით რა გაიხედავს. დროთა განმავლობაში, ალბათ, ისევ გაკოხტავდება შოვი, სიცოცხლეს დაიბრუნებს, მაგრამ ვინც სტიქიას შეეწირა, მათი ოჯახის წევრები იქით ვეღარ გავიხედავთ. გააგრძელეთ კითხვა