ავტორი:

"ჯერჯერობით, სიახლე არ არის. არავის "ვბლოკავ", პირიქით, მაგრამ თავისთავად, ჩემში რაღაცები შეიცვალა" - როგორ გაატარა ზაფხული სალომე კაპანაძემ და რას ჰყვება პირად ცხოვრებაზე

"ჯერჯერობით, სიახლე არ არის. არავის "ვბლოკავ", პირიქით, მაგრამ თავისთავად, ჩემში რაღაცები შეიცვალა" - როგორ გაატარა ზაფხული სალომე კაპანაძემ და რას ჰყვება პირად ცხოვრებაზე

დღეს კომფორტულ დასვენებას ამჯობინებს, თუმცა იყო პერიოდი, როცა მეგობრებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით, ავტოსტოპით მოგზაურობდა... ზაფხულის არდადეგების შესახებ ბლოგერი - სალომე კაპანაძე გვესაუბრება, რომელმაც საზოგადოებას თავი რეალითი შოუდანაც დაამახსოვრა...

- შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულში ვიფურჩქნები. ამ სეზონს მთელი წელი ველოდები, რომ დავტკბე და ვისიამოვნო. სხვათა შორის, ძალიან მალე გადის...

- ამჟამად, ზაფხულს სად ატარებ?

- პირველი ზაფხულია, როცა თბილისში ყოფნა მიწევს, რადგან ვმუშაობ. თან, რატომღაც, ზღვისპირეთი "არ მეძახის". ასევე, ბევრი მეგობრისგან გავიგე, - ისეთი სეზონი არ არის, როგორიც უნდა იყოსო. ზღვაზე არ მივდივარ, მაგრამ შემოგარენში - მგონი, ყველაფერი მოვიარე.

- ზღვის დაბინძურების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ხომ არ მოახდინა შენზე გავლენა და ზღვისპირეთს ამიტომ არ სტუმრობ?

- თავიდან კი, ესეც იყო. ალბათ, ყველაფერმა ერთად ჩემს განწყობასა და ხასიათზე იმოქმედა. თავდაპირველად, როცა ზღვის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მეც შევშინდი. საერთოდ, ასეთი რაღაცების მიმართ შიში მაქვს. ალბათ, ზღვისპირეთში რომ წავსულიყავი, ზღვაში ფეხს ვერ შევდგამდი... მეორე მიზეზი ის არის, რომ ზღვისპირეთში ტურისტებზე დიდი იმედი დაამყარეს და ზაფხულის დადგომამდე ფასები გაზარდეს - წელს ძალიან ბევრი ტურისტი იქნებაო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს არ გამოვიდა. ახლა უკვე თავად არ მაქვს სურვილი, ჩავიდე და ამ მახეში გავება. ბევრი ამბობს (და მართლებიც არიან), - რატომ წავიდე ბათუმში, როცა შედარებით ნაკლებ თანხად საზღვარგარეთ, ნებისმიერ ადგილას ძალიან კარგად დავისვენებო.

- წელს საზღვარგარეთ დაისვენე, არა?

- კი, ზაფხულის დადგომამდე. ჩემთვის ეს თვითმფრინავით პირველი ფრენა იყო. ესპანეთში, მალიორკაზე ვიყავი. იქ ცოტა სხვა "ვაიბი" გახლდათ (იღიმის)... ძალიან მომეწონა, მესიამოვნა. კიდევ წავიდოდი, დიდი სიამოვნებით...

- თვითმფრინავით პირველად მგზავრობა როგორი შეგრძნება იყო?

- ისეთი - ნამდვილად არა, როგორსაც მიყვებოდნენ, ანუ ძლიერი ემოციები, ადრენალინი არ ყოფილა, მაგრამ ვისიამოვნე. იქაური სიტუაციაც მომეწონა. მალიორკაზე 10 დღე ნეტარებაში გავატარე...

- საქართველოში დასასვენებლად რომელ კუთხეს ამჯობინებ?

- მთასა და ზღვას შორის არჩევანს ვერასოდეს გავაკეთებ, რადგან ორივე ერთნაირად მიყვარს, ორივეგან შემიძლია სიამოვნება მივიღო. სილამაზით ჩემთვის პირველ ადგილზე სვანეთია... ზაფხულს მაინც უხდება ბათუმი, გონიო, შეკვეთილი... ყოველ ზაფხულს ასე ხდება: თბილისიდან რომ ავიბარგები, ხან სად ვარ, ხან - სად, მაგრამ წლევანდელი სეზონი ცოტათი განსხვავებულია.

- უფროსების მეთვალყურეობის გარეშე, პირველად როდის დაისვენე?

- საერთოდ, მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს. ისეთ ადგილებში ვარ ნამყოფი, სადაც ავტომობილიც არ მიდის და ფეხით უნდა იარო. 15 წლის ვიყავი, როცა ავტოსტოპით მოგზაურობა დავიწყე საქართველოს ფარგლებში. ადრე უფრო მეტი იყო მოგზაურთა და მოლაშქრეთა კლუბი. ზუსტად მათ ვუერთდებოდი. მე და ჩემი მეგობრები ზურგჩანთებით, კარვებით ავიბარგებოდით ხოლმე და მივდიოდით... საქართველო ასე უფრო სხვანაირად გავიცანი. საერთოდ, მომხრე ვარ, რომ სანამ საზღვარგარეთ წახვალ და იქაური სილამაზეების შესახებ მოყვები, ჯერ საკუთარი ქვეყნის სილამაზეები უნდა მოინახულო. თავად ზუსტად ასე მოვიქეცი და ვფიქრობ, სწორია, რადგან საქართველოში უამრავი ლამაზი ადგილი გვაქვს.

- ავტოსტოპით მოგზაურობისას, პირველი მარშრუტი გახსოვს?

- პირველად ზამთარში წავედით - 1-ტენტიანი კარვით, თოვლში... მეგობრებთან ერთად, მგონი, ბორჯომში ვიყავი. ბანაკებიც იყო ხოლმე. ტერიტორიაზე ბევრი კარავი გახლდათ... ის პერიოდი კარგად მახსენდება, მაგრამ მას შემდეგ ძალიან შევიცვალე: ალბათ კომფორტს შევეჩვიე ან იმ ასაკიდან გამოვედი, რადგან ახლა რომ მითხრა, 1 კვირით სალაშქროდ წავიდეთო, დავფიქრდები, დეტალებს გამოვიძიებ... მაშინ ასე არ ვიყავი. რა თქმა უნდა, ფინანსურად ასეთი გამართულიც ვერ ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ და ძალიან მინიმალური თანხებით მივემგზავრებოდით. მერე კაცმა არ იცოდა, იქ რა მოხდებოდა, რა დაგვჭირდებოდა... სხვათა შორის, რამე ცუდი შემთხვევა არასდროს მქონია, პირიქით - დიდი ჩანთებით ხელში რომ დაგვინახავდნენ, გვეხმარებოდნენ, უფრო შორ მანძილზეც მივყავდით, ვიდრე თავიანთი მარშრუტით ჰქონდათ გათვალისწინებული...

- ავტოსტოპით მოგზაურობა მაინც საფრთხის შემცველია, ალბათ დამეთანხმები. მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა შენი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს?

- ავტოსტოპით მოგზაურობა რომ დავიწყე, პირველი პროფესიული საძილე ტომარა მამამ მაჩუქა (იღიმის). ჩემი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მშობლები ყოველთვის მხარში მედგნენ, მგულშემატკივრობდნენ. მათგან ხელის შეშლა არასოდეს მახსოვს, მით უმეტეს - ამ საკითხში. აქ უფრო ნდობის ფაქტორი იყო: ყოველთვის "ხაზზე ვიყავი" და ვატყობინებდი, მგზაურობის ამბავი როგორ მიმდინარეობდა...

- საზაფხულო გარდერობს აახლებ ხოლმე?

- ძირითადად, ჩემი საზაფხულო გარდერობი საცურაო კოსტიუმებს მოიცავს (იცინის). საერთოდ, ყველანაირი მაქვს. ერთხელ რომ ჩავიცვამ და მასში გამოწყობილი უამრავ ფოტოს გადავიღებ, მორჩა - ის საცურაო კოსტიუმი ჩემთვის აღარ არსებობს. ასეთი მავნე ჩვევა მაქვს. ტანსაცმელთან დაკავშირებით, მსგავსი რამ არ მჭირს, რადგან სამოსის სხვადასხვა კომბინაციით ჩაცმა შემიძლია... კიდევ ბევრი კოსტიუმი დამრჩა, რომელიც ჯერ არ ჩამიცვამს. არ მინდა, ზაფხული ისე გავიდეს, რომ რომელიმე მათგანი ჩაუცმელი დამრჩეს (იღიმის).

- უკვე გამოყენებულ საცურაო კოსტიუმებს რა ბედი ეწევა ხოლმე?

- არ ვიცი, სად წავიღო და სახლში მიდევს. არც ის მიფიქრია, გავაჩუქო, რადგან არ ვიცი, ეს რამდენად მართებულია - ტანსაცმელი ხომ არ არის? რატომღაც, გაჩუქების მერიდება...

- საცურაო კოსტიუმებს ძირითადად, სად ყიდულობ?

- ჩვეულებრივი საცურაო კოსტიუმები არ მომწონს. ამიტომ გამართლებაზეა: თუ სადმე ზუსტად ჩემი გემოვნებისას გადავაწყდი, ვყიდულობ. ერთი კონკრეტული ადგილი არ მაქვს შერჩეული. უფრო ხშირად ონლაინ მაღაზიებს მივმართავ. საცურაო კოსტიუმების ძირითადი ნაწილი მაინც საჩუქრად მიმიღია.

- ოდესმე პლაჟზე გასვლის კომპლექსი თუ გქონია?

- ალბათ, ბავშვობაში. რაც გონში ჩავვარდი, არ მახსენდება, რომ კომპლექსი მქონოდა - პირიქით (იღიმის). სკოლის პერიოდში, ადამიანს ფსიქიკა იმ დონეზე ჯერ კიდევ არ გაქვს ჩამოყალიბებული, რომ პლაჟზე ამაყად გახვიდე.

- პლაჟზე გასვლის წინ, შენი რუტინა რას მოიცავს?

- ნამზეური ძალიან მიყვარს. მზის გულზე არ ვიწვები - ყოველთვის კარგ ფერს ვიღებ. პლაჟზე გასვლამდე, მთელ სხეულს კარგად "ვისკრაბავ" - ასეთ შემთხვევაში, კანი ყველაზე კარგად იღებს "რუჯს". მზისგან დამცავ კრემს აუცილებლად ვიყენებ. ყველაზე მეტ ყურადღებას სახის კანს ვაქცევ. თმას რაც შეეხება, გრძელი თმის მოვლა იოლი არ არის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მის მოსავლელად განსაკუთრებულ მეთოდს ვიყენებ. განაგრძეთ კითხვა