მეცნიერებმა მზეზე დიდი აფეთქება დააფიქსირეს, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პლაზმის უზარმაზარი ნაკადი კოსმოსში გაიტყორცნა და ახლა მარსისკენ მიემართება. თუ პლანეტამდე მიაღწევს, მაშინ შესაძლოა, ციური სხეულის ატმოსფეროს ნაწილი გაანადგუროს.
როგორც Live Science წერს, ასტრონომები გაოცებულები არიან მსგავსი ფენომენით. მათ ჯერ კიდევ არ იციან, რა გახდა ასეთი ძლიერი აფეთქების მიზეზი.
მიუხედავად იმისა, რომ კორონალური მასა და რადიაციული ნაკადი არ მოემართება დედამიწისკენ, მეცნიერთა აზრით, ის შეიძლება საშიში იყოს სხვა პლანეტებისთვის. რადიაციისა და პლაზმის ნაკადმა შესაძლოა მარსზე მიაღწიოს. რადგან პლანეტას ძალიან თხელი ატმოსფერო აქვს, ის ვერ გაუძლებს ამ ზემოქმედებას.
მოგეხსენებათ, დედამიწას მსგავსი ინციდენტებისაგან მაგნიტოსფერო და სქელი ატმოსფერო იცავს. მარსზე კი მაგნიტოსფერო არ არის და ამიტომ პოლარული ნათება შეიძლება გამოჩნდეს პლანეტის ნებისმიერ წერტილში. ჯერჯერობით მარსზე ეს მოვლენა მხოლოდ სამჯერ არის დაფიქსირებული: 2004, 2014 და 2022 წლებში. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ უახლოეს მომავალში ეს ფენომენი უფრო ხშირად დაფიქსირდება მზის აქტივობის გაზრდის გამო.
ბოლო ინფორმაციით, უძლიერესი აფეთქებები ძლიერი კორონალური მასის ამოფრქვევით მზეზე სულ უფრო ხშირად მოხდება. წესით, მზის აქტივობის პიკი 2025 წელს უნდა დადგეს, მაგრამ ზოგიერთი ასტრონომი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს ერთი წლით ადრეც მოხდეს.
იხილეთ ასევე: