ოკუპირებული გალის მკვიდრის, მოკლული ნათია ბახტაძის დედა, იამზე აგუმავა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს რობერტ კუიტას და ე.წ. ომბუდსმენს ანას ქიშმარიას წერილით მიმართავს.
"თვეზე მეტი გავიდა ჩემი ქალიშვილის მკვლელობიდან და ნათიას ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ, არ მჯერა, რომ ჩემი ქალიშვილის ცხედარი იქაა, სადაც ისინი ეძებენ. დარწმუნებული ვარ, მკვლელის ნათესავებმა ყველაფერი იციან. სწორედ ისინი დაეხმარნენ მკვლელს ცხედრის თავიდან მოშორებაში, გთხოვთ, დააკავოთ და გამოიკითხოთ აინარ წვიჟბას ნათესავები. ვინაიდან წვიჟბამ აღიარა, რომ მამას დაურეკა და აცნობა მკვლელობის ჩადენის თაობაზე. აფექტის მდგომარეობაში ცხედრის გადამალვას ვერ შეძლებდა - ნათესავები დაეხმარნენ დანაშაულის დაფარვაში, მათ ცხედარი სადღაც ტყეში დამარხეს, იმ იმედით, რომ დანაშაულს თავს დააღწევდნენ, გთხოვთ, იპოვოთ ჩემი ქალიშვილის ცხედარი“, - წერს იამზე აგუმავა.
ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა. 2 აგვისტოს ცნობილი გახდა ეჭვმიტანილი აინარ წვიჟბას დაკავების შესახებ. მან მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, მან ახალგაზრდა ქალი 28 ივლისს ავტომობილში მოკლა, ხოლო ცხედარი მდინარე ენგურში გადააგდო.
ასევე იხილეთ: