წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ წელსაც არ დაივიწყა ბავშვები, რომელთაც მხარდაჭერა სჭირდებათ და პარტნიორებთან ერთად ესტუმრა მათ.
„ბიბლუსმა“ ბავშვთა და ახალგაზრდულ პროგრამა „კარიტასთან“ და წმ. ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდთან თანამშრომლობით ბავშვთა სახლის 30-მდე ბენეფიციარს სასკოლო ნივთები: ჩანთები, რვეულები, ფანქრები, კალმები, ფლომასტერები და სხვა სასკოლო ნივთები გადასცა. ასევე, „ბიბლუსი“ ეწვია 9 მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს და მისი პატარა წევრები წინასასკოლოდ დაასაჩუქრა. პარტნიორებმა ასევე იზრუნეს შშმ პირებსა და სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებზე.
ასევე, წელს „ბიბლუსმა“ სასკოლო ნივთები ბავშვებისთვის უსინათლოთა კავშირის ქუთაისის ფილიალს გაუზავნა.
როგორც „კარიტასში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, კერძო კომპანიებმა სოციალური პრობლემების მოგვარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ და ქველმოქმედებაში ჩაერთონ:
„ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. გვაქვს მორალური ვალდებულება, საკუთარი რესურსების ნაწილი მოვახმაროთ ადამიანების იმ ჯგუფს, რომელსაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი დახმარება. კერძო კომპანიებმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ სოციალური პრობლემების მოგვარებაში. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ მწირია კომპანიების რიცხვი, რომელნიც აცნობიერებენ საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას. თუმცა, არსებობს რამდენიმე კომპანია, რომლებიც არ გაურბიან პასუხისმგებლობას იმ საზოგადოების წინაშე სადაც უწევთ ფუნქციონირება და იღებენ მონაწილეობას ქველმოქმედებაში.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია „ბიბლუსის“ მიერ განხორციელებულმა საქველმოქმედო აქციებმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწია. ერთობლივი ძალისხმევით ბენეფიციარ ბავშვებს გაცილებით ხარისხიან მომსახურებას ვაწვდით. ამასთანავე, ბავშვები აცნობიერებენ, რომ „სხვა“ ადამიანებიც ზრუნავენ მათზე. აცნობიერებენ, რომ უცნობი ადამიანები სარგებლის მიღების გარეშე ეხმარებიან სხვა ადამიანებს“, - აღნიშნეს „კარიტასში“.
საქველმოქმედო აქციებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს წმ. ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდის წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება სრულად დამოკიდებულია ადამიანების მიერ გაღებულ შემოწირულებებზე, აქედან გამომდინარე, კერძო კომპანიების ჩართულობა მნიშვნელოვანია:
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო კომპანიებთან მეგობრობა, მათთან ერთად სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე ერთგული მეგობარი კომპანია, მათ შორის აუცილებლად აღნიშვნას იმსახურებს „ტექტო ჯგუფი“, „თერმორუმი“, „იორკ თაუერსი“, რომელთა მხარდაჭერითაც არაერთ მარტოხელა მოხუცსა თუ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვს ავუსრულეთ ოცნება და დავუკმაყოფილეთ საჭიროებები. წმინდა ნაზარ ლეჟავას ფონდის სლოგანიც - „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ“, სწორედ ამ იდეით შევარჩიეთ - მოვუწოდოთ ადამიანებს, კომპანიებს რომ გავერთიანდეთ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებისთვისაც ჩვენი თანადგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
საერთო სეგმენტიდან გამომდინარე, „ბიბლუსთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანია. პირველივე პროექტის ფარგლებში, 9 სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს გავუმარტივეთ წინასასკოლო სამზადისი და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ერთად!“ - აღნიშნეს ფონდში.
„ბიბლუსში“ აღნიშნავენ, რომ აცნობიერებენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას და ბავშვების კეთილდღეობა, მათი ხელმისაწვდომობა წიგნსა და სასკოლო ინვენტარზე მათთვის უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, საქველმოქმედო აქციის შინაარსი კომპანიისთვის მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს.
„ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ნაყოფიერი აღმოჩნდა და გვსურს, მათ მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, ერთად კიდევ ბევრ სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ“, - აღნიშნეს კომპანიაში.
„ბიბლუსი“ კვლავაც გააგრძელებს საქველმოქმედო აქციებს და მხარდაჭერას აღმოუჩენს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
R