ავტორი:

ანა წითლიძის ყოფილი რძალი პარლამენტარის ძმას ძალადობაში ადანაშაულებს - რას პასუხობს ბრალდებას ლადო წითლიძე და რას წერს უფლებადამცველი?

ანა წითლიძის ყოფილი რძალი პარლამენტარის ძმას ძალადობაში ადანაშაულებს - რას პასუხობს ბრალდებას ლადო წითლიძე და რას წერს უფლებადამცველი?

რამდენიმე დღის წინ პარლამენტარ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”) ანა წითლიძის ყოფილმა რძალმა (ძმის ყოფილი ცოლი) გვანცა ამურველაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და დეპუტატი ქალზე ძალადობის დაფარვაში დაადანაშაულა.

ეს პოსტი მან პარლამენტში წითლიძის მიერ ქალთა უფლებებზე საუბრის მოსმენის შემდგომ გაავრცელა. ქალი სტატუსში წერდა, რომ წითლიძის ძმამ - მისმა ყოფილმა ქმარმა ბავშვით ხელში ქუჩაში 2-ჯერ სცემა, თუმცა ძმის საქციელი პოლიტიკოსმა უპასუხოდ დატოვა.

"შენმა ძმამ ორჯერ მცემა ქუჩაში ბავშვით ხელში, ამას გწერ და "ნახ... მიშვებ“, მაგრად დაიცავი ქალების უფლებები პარლამენტიდან...” - მიმართავდა ახალგაზრდა ქალი ანა წითლიძეს.

მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, დეპუტატი ყოფილი რძლის ბრალდებებს საჯაროდ არ გამოხმაურებია. Ambebi.ge-მ მას შემდეგ არაერთხელ სცადა წითლიძესთან დაკავშირება, მაგრამ მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა. ის თანაგუნდელებთან ერთად რეგიონებს სტუმრობს.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი, ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში წითლიძის მისამართით სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ პოლიტიკოსი ქალი ქალთა უფლებებს პარლამენტსა და პოლიტიკაში ვერ დაიცავს, თუ საკუთარ ოჯახში არ იმჩნევს მოძალადეს.

ანა არგანაშვილი:

"პოლიტიკოსი ქალი რომ ხარ, შენი ოჯახის წევრი თუ ოჯახში მოძალადეა და არ იმჩნევ, შენ ქალების უფლებებს ან პოლიტიკაში ან პარლამენტში როგორ დაიცავ?

მაშინ თქვი, რომ ოჯახში ძალადობა მისაღებია თუ ახლობელი ძალადობს და ჩვენ გადავწყვეტთ, გვინდა თუ არა ამ ღირებულებების ადამიანი ქვეყნის ბედს წყვეტდეს. ასევე - მისი თანაპარტიელები პოლიტიკაში.

ძალადობის წინ არც “მაგრამ” და არც “ოპოზიცია” არ იწერება. ან გააკეთეთ რეაგირება ან ჩვენ დავარქმევთ ამას სახელს. როდემდე არ შევიმჩნიოთ, რომ ქალი წერს საჯაროდ ძალადობაზე? დაგთაგოთ მთელი პარტია თუ შეიმჩნევთ? Hello from the other side ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

  • რას ამბობს დეპუტატის ძმა, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ?

ლადო წითლიძე ყოფილი ცოლის ბრალდებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კაცი წერს, რომ მას არასოდეს შეშლია ოჯახისა და შვილების ღირსების წინაშე. წითლიძე ასევე დასძენს, რომ ამ თემაზე ეს მისი ერთადერთი და ბოლო პოსტია.

ლადო წითლიძე:

"ერთადერთი და ბოლო პოსტია ამ საკითხზე. ანგელოზი არასოდეს არ ვყოფილვარ, მაგრამ ოჯახის და შვილების ღირსების წინაშე არასოდეს შემშლია არაფერი. დანარჩენს დრო აჩვენებს ყველას ყველაფერს".

ერთ-ერთ ბოლო სტატუსში, გვანცა ამურველაშვილმა დაწერა, რომ მას პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და რომ ამ დრომდე ეძებს ადვოკატს. მისი თქმით, გაოცებულია იმით, რომ მისი საჯარო სტატუსების შემდეგ, არცერთმა იურისტმა არ გამოთქვა დახმარების სურვილი, ხოლო ვისაც დაურეკა, მისთვის ვერავინ მოიცალა.