პარტნიორები:
    ავტორი:

    "ჩემს შვილებს "ფეისბუქგვერდი" არ აქვთ, მე რომ გავაკეთე, მსაყვედურობდნენ... კი არ მგონია, თუ ამხელა ვარ" - 86 წლის ნანი დეიდა კლდეეთიდან: გაქცეული პატარძალი, მეურნე და ჩვენი დროის ადამიანი

    "ჩემს შვილებს "ფეისბუქგვერდი" არ აქვთ, მე რომ გავაკეთე, მსაყვედურობდნენ... კი არ მგონია, თუ ამხელა ვარ" -  86 წლის ნანი დეიდა კლდეეთიდან:  გაქცეული პატარძალი, მეურნე და ჩვენი დროის ადამიანი

    ნანი და ჯემალ ქავთარაძეების ოჯახთან ჩემს ოჯახს ძალიან დიდი მეგობრობა და ნათესაობა აკავშირებს. მართალია, თავად მათ პირადად ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ დიდი სიყვარულით შექმნილ შესანიშნავ ოჯახზე ბევრი მსმენია. ნანი დეიდა (თუ არ მიწყენთ, სტატიაშიც ასე მოვიხსენიებ) ბავშვობის შემდეგ რამდენიმე წლის წინ ვინახულე. ფაქტობრივად, თავიდან გავიცანი მართლაც უნიკალური ადამიანი - ლამაზი, საოცრად ყურადღებიანი, მოსიყვარულე, განათლებული, გონიერი და შესანიშნავი მეურნე, "ფეისბუკ-ლაივებით“ სახელგანთქმული ნანი ქავთარაძე, თავისი ცხოვრების დიდი თავგადასავლით. მახსოვს, მისი სიყვარულისა და დაოჯახების ამბავს - ქორწილიდან გაქცეულ პატარძალზე, ლეგენდასავით ჰყვებოდნენ ჩვენს ოჯახებში. იმ შეხვედრისა და საუბრის შემდეგ ნანი დეიდას შიგადაშიგ ვეხმიანები, თავადაც მირეკავს, ერთმანეთს მოვიკითხავთ ხოლმე.

    ჰო, მართლა, თავადაც არ მალავს და ამიტომ მეც თავისუფლად გაგიმხელთ მის ასაკს - ამ ზაფხულს 86 წელი შეუსრულდა. სამწუხაროდ, წლებია, დაქვრივდა, მაგრამ დიდი ოჯახი ჰყავს - საუკეთესო ორი ვაჟი და რძლები, საუკეთესო შვილიშვილები. კარგა ხანია, წლის უმეტეს ნაწილს იგი ზესტაფონის რაიონის სოფელ კლდეეთში ატარებს და იქ დიდებულად უძღვება სოფლის მეურნეობას. ცხოვრობს მეუღლის ბაბუისეულ ხის სახლში, იმერული აივნითა და ბუხრებით. სახლი საუკუნეზე მეტი ხნის არის და ბატონ ჯემალს ისე გაუკეთებია მისი რეკონსტრუქცია, რომ ფასადი და ქვის კიბე არ შეუცვლია.

    ნანი ქავთარაძე:

    - როდესაც მეუღლის მშობლები და გამზრდელი ბიძა გარდაიცვალნენ, კერა რომ არ გაგვეცივებინა, თბილისიდან სოფელში გადავედით საცხოვრებლად. ყველაფერი დავთესეთ, მიწას ერთად ვამუშავებდით და მეურნეობასაც ვუძღვებოდით. ძალიან მიძნელდება უმისობა, თუმცა ვაჟები, ჩემი შესანიშნავი რძლები და შვილიშვილები თავს მევლებიან. ჯემალის სიცოცხლეში სოფელში წიწილებიც გვყავდა და გოჭებიც... კლდეეთში ადრეულ გაზაფხულზე მივდივარ ხოლმე და ზამთრის პირს ვბრუნდები თბილისში. იქ მარტო ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, შიგადაშიგ შვილები და შვილიშვილები მაკითხავენ, მეხმარებიან კიდეც.

    • გაქცეული პატარძლის ამბავი

    წელს, მეუღლის დაბადების დღეს, 3 აპრილს "ფეისბუკზე“ დაწერა:

    "უფლის ნებაა... ვცოცხლობ... უშენოდ ექვსი წელი... ჯემალ, გილოცავ არშემდგარ 86 წელს. ჩვენ, ხომ, ერთი ასაკი გვქონდა? მართლაც... აი, უფლის ნება...“

    ნანი ქავთარაძე:

    - პატარებიც არ ვიყავით, მე და ჯემალს ერთმანეთი რომ შეგვიყვარდა. მე ჭიათურაში დავიბადე და გავიზარდე, ჯემალი ზესტაფონიდან იყო და სასწავლებლად ჭიათურაში ჩამოვიდა. ჩვენთან იმჟამინდელი სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო განყოფილების დაუსწრებელი სწავლების ფილიალი იყო გახსნილი. მე და ჯემალი თანატოლები ვიყავით, მაგრამ მე ერთი კურსით უკან ვწავლობდი, გვიან ჩავაბარე. ჭიათურა პატარა ქალაქია და ჯემალი მანამდე გავიცანი, ვიდრე მოვეწყობოდი. მას ერთი ნახვით შევყვარებივარ, მერე მეც შემიყვარდა და მალე ჩვენი რომანისა და შეხვედრების ამბავი მთელმა ჭიათურამ გაიგო. ქალაქში მე და ჩემი 7 წლით უფროსი და ვცხოვრობდით, მშობლები კი იქვე, ახლოს, სოფელ შუქრუთში იყვნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობის ამბავი ჩემმა დამაც იცოდა და ჯემალიც ძალიან მოსწონდა, თუმცა მშობლებისთვის მასზე არაფერი გვითქვამს.

    პარალელურად, ჭიათურაში ჩამოვიდა ერთი ბიჭი, ჩემზე 7 წლით უფროსი, რომელიც ისეთი პოპულარული იყო ქალაქში, რომ ნებისმიერი გოგო, ვისაც ხელს დაადებდა, სიხარულით გაჰყვებოდა ცოლად. გვიან ჩააბარა სასწავლებელში და ჩემს ჯგუფში მოხვდა. რატომღაც ლექციაზე სულ ჩემ გვერდით ჯდებოდა. მე შეყვარებული მყავდა და ეს ამ ბიჭმაც კარგად იცოდა, მაგრამ, თურმე, მასაც მოვწონებივარ და ჩემთან დასაახლოებლად ყველაფერს აკეთებდა. მე რა მექნა? შარს ხომ ვერ მოვდებდი, ჩემ გვერდით რატომ ჯდები-მეთქი? ეგ კი არა, როგორღაც ჯემალსაც დაუმეგობრდა, ბილიარდის სათამაშოდაც ერთად დადიოდნენ. ისე მიგვაჩვია მასთან ურთიერთობას, რომ მეც და ჯემალიც დავუძმაკაცდით. ვერაფერს ვხვდებოდით. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა დამ, რომელსაც მანამდე ჯემალი ძალიან მოსწონდა, დამიწყო ლაპარაკი, ჯემალი რას ჰგავს, იცი, ჯუდის როგორ მოსწონხარ? დატოვე ჯემალი და მას გაჰყევი ცოლადო. კინაღამ გავგიჟდი, რა ეშმაკად მინდა ჯუდი-მეთქი! იმ დღიდან მოყოლებული, ჩემი და მხოლოდ ჯუდიზე მელაპარაკებოდა.

    ერთხელ ჯემალმა შინ მომაკითხა. კარზე დააკაკუნა. მარტო ვიყავი და კარი კი გავუღე, მაგრამ ვუსაყვედურე, რატომ მოხვედი-მეთქი. მაშინ სხვანაირი დრო იყო. ჯემალმა მთხოვა, ერთი წუთით გარეთ გამოდი, სალაპარაკო მაქვსო. მე ვიუარე, მეზობლები დამინახავენ, ამიტომ წადი-მეთქი. ჯემალი უცებ გაბრაზდა და, - აწი ვინც შენ შეგხვდეს და დაგელაპარაკოსო, შეიგინა და წავიდა. ეს ჩემთვის, იცი, რა იყო? ძალიან გავბრაზდი. ამ დროს ჩემი დაც მოვიდა და გაბრაზება რომ შემატყო, ჩამეკითხა, რა მოხდაო. მეც მოვუყევი. მერე კი ვინანე, მივხვდი, არ უნდა მეთქვა, მაგრამ... ჩემს დასაც მეტი რა უნდოდა, დაიწყო, - ახლა ასე მოგექცა და ცოლად რომ გაჰყვები, მერე რას იზამსო! კიდევ უფრო გავნერვიულდი, გავბრაზდი, ჩემმა დამ კი დრო იხელთა და ცოტა ხანში შინ ჯუდი დამაყენა თავზე. იმ პერიოდში არც ჯემალი გამოჩენილა, მეც კიდევ უფრო გავბრაზდი და ჩემმა დამ და ჯუდიმ იმდენი ქნეს, საბოლოოდ გადამიბირეს - ერთ მშვენიერ დღეს მის ცოლობას დავთანხმდი და საჩხერის მმაჩის ბიუროში ხელის მოსაწერადაც წავყევი, მაგრამ... საღამო იყო და პასპორტებში ჩაგვირტყეს ბეჭდები, მაგრამ ქორწინების აქტი არ გაუფორმებიათ. რას ვიზამდით, ჩვენს სახლებში დავბრუნდით. ძალიან აღელვებული ვიყავი, ძალიან ვდარდობდი, ეს რა გავაკეთე-მეთქი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯემალი, თურმე, გარეთ გვყარაულობდა. შინ დაგვიგულა თუ არა, კარზე დააკაკუნა. კარი ჩემმა დამ გააღო და ჯემალმა დაჟინებით მოითხოვა, მე გავსულიყავი, თან კითხულობდა, ჯუდის რა უნდოდა თქვენთანო? გავვარდი და ჯემალს ჩხუბი დავუწყე, ყველაფერი შენი ბრალია, წადი, მე უკვე ის ავირჩიე და ხელიც მოვაწერე-მეთქი?! გაოგნდა, დამუნჯდა და წავიდა. მეც შემოვედი სახლში, თან გაუჩერებლად ვტიროდი. ცოცხალ-მკვდარი ვიყავი, ლოგინიდან ვეღარ ვდგებოდი, გულში ჯემალის ნაჩუქარი პლასტმასის დათუნია მქონდა ჩახუტებული და დავტიროდი...

    ჯემალიც ცუდად გამხდარა. მეორე დღეს კი ეს ამბავი მთელმა ჭიათურამ იცოდა და გაოგნებულები კითხულობდნენ, ნანიმ ეს როგორ გააკეთაო. ჩემმა დამ ის დათუნია დამიმტვრია და ამან კიდევ უფრო გამაგიჟა. ჯემალისთვის ამბავი მიუტანიათ, ნანი ისეთ დღეშია, თავს იკლავსო. პარალელურად, ჯუდის ნაირ-ნაირი საჩუქრები მოჰქონდა, მე კი აქეთ-იქით ვუყრიდი. ბოლოს ჩემმა დამ სოფელში წამიყვანა. მშობლებმა ჩემი ამბავი რომ გაიგეს, კინაღამ გალახეს ჩემი და, რა დროს ნანის გათხოვება იყო, შენ ხარ გასათხოვარი და თვითონ წაყოლოდი ჯუდისო?! გაიქცა ჩემი და ჭიათურაში, ჩამოიყვანა ჯუდი და გააცნო დედ-მამას. მისით ისე აღფრთოვანდნენ დედა და მამა, დაავიწყდათ ჩემი განცდები, დაკლეს, თუკი რამ დასაკლავი იყო ეზოში, ფაქტობრივად, საქორწილო სუფრა გაშალეს, მეზობლებიც მოიწვიეს და სხვა რა გზა მქონდა, მეც გავედი. იმ ღამეს ჯუდი და მისი მეგობარი ჩვენთან დარჩნენ, რა თქმა უნდა, ერთად არ ვყოფილვართ, მეორე დღეს კი ყველანი ჭიათურაში წავედით და ჩვენს სახლებში დავბრუნდით. ჯუდის გამზრდელი ბიძა მოუკვდა და, მის 40-მდე შინ ვერ წაგიყვანო. ამ ამბებს ჩვენი გამოცდებიც დაემთხვა. პარალელურად, ჯემალი უქმად არ იყო, უკვე ჩვენი გაპარვის გეგმაც კი შეემუშავებინა და ეს ამბავი საერთო მეგობარი გოგონას მეშვეობით შემატყობინა. ძალიან მიყვარდა, მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. არადა, უკვე საქორწინო კაბის შესაკერადაც კი წამიყვანეს ატელიეში. მოკლედ, გამოცდების პერიოდმა მიშველა, ჯემალს მეგობრების დახმარებით მაინც შევხვდი და ჭიათურიდან ერთად წავედით ზესტაფონში. ჯემალმა გულში ჩამიკრა და ბედნიერი ამბობდა, ჭიათურლებს შენი თავი წავართვიო! პირდაპირ იმ სოფელში მიმიყვანა, სადაც ერთად ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარეთ და რომელიც დღემდე უსაშველოდ მიყვარს - სოფელ კლდეეთში, ბებიასთან და მალევე ჯემალის მშობლებიც მოვიდნენ, მერე ჭიათურის მილიციაც თავს დაგვადგა, მათ ჩემი პროკურორი ბიძაშვილი და ჯუდიც მოჰყვნენ. წაგვიყვანეს იქაურ განყოფილებაში. იმ დროს იქ შემთხვევით სხვა პროკურორიც აღმოჩნდა და გაოგნებული რამდენჯერმე ჩამეკითხა, რომელს მიჰყვები ცოლადო? ჯემალზე რომ მივუთითე, გაგიჟდა, - კაცს ტოვებ და "ბაცანას“ მიჰყვებიო? მერე მოგვკიდა ჯემალის დედამ ხელი და მე და ჯემალი შინ წაგვიყვანა.

    • ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად

    ჯემალ ქავთარაძის მშობლები რომ გარდაიცვალნენ, ცოლ-ქმარი მაშინ გადავიდა თბილისიდან სოფელში საცხოვრებლად, კერას ხომ არ გააცივებდნენ. მეტ დროს სოფელში ატარებდნენ, ყველაფერი ერთად დათესეს, მიწაც ერთად დაამუშავეს, მეურნეობასაც ერთად გაუძღვნენ და ტკბილად იყვნენ. მეუღლე რომ გარდაიცვალა, იქვე დაასაფლავეს, თავად ასე უნდოდა და - იმიტომ. ახლა ნანი დეიდა თითქმის სულ სოფელშია - ადრეულ გაზაფხულზე მიდის და ზამთრის პირს ბრუნდება თბილისში. იქ მარტო ცხოვრობს, რა თქმა უნდა, შიგადაშიგ შვილები და შვილიშვილებიც აკითხავენ და ეხმარებიან კიდეც. მაინც ძალიან უძნელდება მეუღლის გარეშე. 60 წელიწადს იცხოვრეს ერთად, უდიდესი სიყვარული აკავშირებდათ და ეს სიყვარული არც არასდროს განელებიათ. ვინც მათი სიყვარულის ამბავი იცოდა, დღემდე ამბობს, რა ეშველებოდათ, ერთად რომ არ ყოფილიყვნენო. ნანი დეიდას გული წყდება, რომ მათ დიდ სოფელში, ქავთარაძეების უბანში თითქმის აღარავინ ცხოვრობს, რამე რომ მომივიდეს, ვერავინ გაიგებს, ამიტომ შვილების მოთხოვნით მობილური ტელეფონი სულ ჯიბით დამაქვს. თუმცა არაფრის მეშინია და თავსაც კარგად ვგრძნობო.

    მიწა ბევრი ჰქონიათ და მასაც მოჰყავს წვეტიანი ხურმა, სიმინდი, მწვანილსა და ხეხილ-ბოსტნეულს უვლის, შემოდგომაზე კვლები თავად გაჰყავს, გაზაფხულზე კი თავის ვაჟს - გიას აბარვინებს. ღიმილით მეუბნება, - ოღონდ თავზე ვადგავარ და ვკარნახობ, რა როგორ გააკეთოს. განა თვითონ არ იცის, მაგრამ მინდა, ყველაფერი ჩემებურად იყოსო. ეზოში ყველანაირი ბოსტნეული აქვს: პამიდორი, კიტრი, პრასი, ჭლაკვი, ბულგარული წიწაკა, სარის ლობიო "ბათუმელა", რომელიც მავთულ-ბადეზე გაჰყავს, მინდვრის მხალი და ა.შ. დაურგავს მზესუმზირა, გოგრა, ძველი დარგული დიდი წითელი ვაშლებიც აქვს, ზაფხულის მარწყვიც მოამრავლა - მიწისაც და ქოთნისაც. გადაჭრილ ხუთლიტრიან პლასტმასის ქილებში მარწყვის ისეთი ჯიშიც გააშენა, ნაყოფს ოქტომბერ-ნოემბერში რომ აძლევს. ბლომად აქვს ჟოლოც, ადესაც... სუბტროპიკული მუშმალა და კივი მოვაშენე, კივის მშვენიერი მოსავალი გვაქვს ხოლმეო, სიამაყით ამბობს... თავისი ხელით ეზოში სათბურიც გააკეთა. მეუბნება, ჩემი ვაჟები, ღვინოს რომ დააყენებენ, პირველად მე მასინჯებენ, როგორიაო?

    "კარგი დეგუსტატორი ვარ. სპეციალური განათლება არ მიმიღია, მაგრამ ბავშვობიდან მეხერხება კარგი, "ისე რა" და ცუდი ღვინის გარჩევა. საერთოდ, კარგი ხარისხის წითელი ღვინის დალევა მიყვარს. როცა ვიცი, რომ ჩვენი ვენახის არის და ჩვენივე დაწურული, სადილზე ერთ ჭიქას ჩემთვის მაინც ჩამოვისხამ. სხვადასხვა მცენარის, მაგალითად, პიტნისა და ვარდის ნაყენებსაც ვამზადებ. მეუღლის ბებიის დროინდელი ვარდის ნერგები მქონდა. სახლის წინ დავრგე, ყვავილობისას ძალიან ხშირი და ულამაზესია. დაჭკნობას რომ დაიწყებს და ის-ისაა, ფოთოლი უნდა ჩამოცვივდეს, ვკრეფ, ფოთლებს ქილაში ვყრი, ვასხამ არაყს, ვაყრი შაქარს და მზეზე ვდებ. წვენი რომ გამოუვა და გამზადდება, ყველა სტუმარს ვუმასპინძლდები. ენერგია მაქვს და არც შრომა მეზარება, პირიქით - სამეურნეო საქმიანობა ძალიან საინტერესო და სახალისოა, რა თქმა უნდა, დამღლელიც, მაგრამ დაღლაც სასიამოვნოა, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ. ჩემს შვილებს "ფეისბუქგვერდი" არ აქვთ და მე რომ გავაკეთე, მსაყვედურობდნენ, რად გინდა, ამდენ ფოტოს რომ დებ, შენი ამბები ყველას ხომ არ უნდა უთხრაო? არადა, ჩემს მოყვანილ-გაშენებულ ნარგავებსა და მოსავალზე რატომ არ უნდა დავწერო? სელფების გადაღებაც მიყვარს და ვიდეოებისაც. მერე "ფეისბუქზე" ვდებ, სხვებმაც რომ ნახონ. მინდა, ამით ყველას მივცე სტიმული და გავაგებინო, რომ სოფელი ქვეყნის ძლიერების წყარო, სასიცოცხლო გარემოა, მასთან სიახლოვე კი - ჯანმრთელობის საწინდარი. ვცდილობ, სოფლით შვილიშვილებიც დავაინტერესო. იქაურობა უყვართ და მინდა, ეს გრძნობა უფრო გაუძლიერდეთ. ზამთარში თბილისში ჩამოვდივარ ხოლმე და რომ არ მოვიწყინო, ჩემს შვილიშვილ მარიამსა და მის დაქალებს ხან ღვინის სახლში დავყავარ, ხან თეატრში. გოგონებს ძალიან უყვართ ჩემთან საუბარი, ჭორაობა, თან ერთად კარგ ღვინოსაც ვსვამთ", - მეუბნება ნანი დეიდა, რომელის დაბადების დღესაც - 24 ივნისს, ამ ზაფხულს, ყველანი სოფელში შეიკრიბნენ და 86 წლისთავი აღუნიშნეს. "ფეისბუქზეც" უამრავი ადამიანი ულოცავდა და თავადაც დაუწერა პასუხად: "გაიხარეთ, დიდი მადლობა, ამდენი კომპლიმენტები ... ამდენი სურვილები... ამ ასაკში... არ მგონია, თუ ამდენი ხნის ვარ. თქვენც გისურვებთ მხნეობას“...

    იდღეგრძელეთ, ძვირფასო ნანი დეიდავ და იხარეთ დიდ ოჯახთან ერთად.

    ავტორი: ირმა ხარშილაძე