ავტორი:

"27 წლის ბენო ქვევრში მალევე ცუდად გამხდარა, იქვე მდგომი ბადრი შეეცადა, შვილის ტოლ ბიჭს დახმარებოდა... " - სოფელ დიმში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

"27 წლის ბენო ქვევრში მალევე ცუდად გამხდარა, იქვე მდგომი ბადრი შეეცადა,  შვილის ტოლ ბიჭს დახმარებოდა... " - სოფელ დიმში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ბაღდათში, სოფელ დიმში, მსხვილიძეების სახლში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მათ ქვევრში ორი მეზობელი ჩავიდა და სამწუხაროდ, ორივე ადგილზე გაიგუდა. ყველაფერი ისე წამებში დატრიალდა, რომ მათი დახმარება ვერავინ შეძლო. ბაღდათის მერის წარმომადგენელი სოფელ დიმში, ტარიელ ყიფიანი "კვირის პალიტრას" მომხდარის შესახებ უამბობს.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს ჩვენს სოფელში. ადგილზე არ ვყოფილვარ, ბაღდათში ვიყავი, ეს საშინელი ამბავი რომ გავიგე, როცა ჩავედი სოფელში, ორივე გარდაცვლილის ცხედარი ქვევრიდან უკვე ამოსვენებული იყო და უმძიმესი სურათი იყო. ახლა პროზექტურაში არიან ექსპერტიზაზე გადასვენებული. ტრაგედია მსხვილიძეების სახლში დატრიალდა.

ამ ოჯახში არაყი უნდა გამოეხადათ, შარშან, ქვევრში ჩაყრილი ჰქონიათ ჭაჭა არყის გამოსახდელად და სწორედ ამის მოდუღებას გეგმავდა ოჯახის უფროსი. მას ეხმარებოდნენ მეზობლები, სწორედ ამ დროს დატრიალდა ტრაგედია. დიდი ქვევრია, ტონანახევრიანი იქნება და პატრონს იმაში ჰქონდა ჭაჭა ჩაყრილი. სამწუხაროდ, ეტყობა ვერ გაითვალისწინეს, რომ თავსახურის მოხდის შემდეგ უნდა ეცლიათ გაზის გასვლა, ჭაჭის გაზი უნდა ამოსულიყო იქიდან, სანამ ბოლომდე არ ამოვიდოდა, მანამდე იქ არავინ არ უნდა ჩასულიყო, მაგრამ...

27 წლის ბენო კუჭავა ქვევრში მალევე ცუდად გამხდარა, იქვე მდგარა მეზობელი, ბადრი ჩილაშვილი. როგორც ჩანს, ბადრი შეეცადა მისი შვილის ტოლ ბიჭს დახმარებოდა. ეიფორიაში ეტყობა, მანაც ვერ გათვალა, ის რატომ გახდა ცუდად, რომ ამის მიზეზი ქვევრში დაგროვილი გაზი იყო და მის სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, ორივე ადგილზე გაიგუდა. არ ვიცი რა რაოდენობის იყო ქვევრში ჭაჭა, როგორ ამბობენ, სადღაც ნახევარზე იქნებოდა ტონანახევრიან ქვევრშიო. ბენო ეტყობა იქიდან ცდილობდა ჭაჭის ამოღებას. ქვევრში ვინახავთ ხოლმე არყისთვის ჭაჭას, რომ ჩაყრი და თავს დაახურავ შეგიძლია მეორე, მესამე წელსაც გამოხადო არაყი, ჭაჭის გაზი ინახავს, როცა დახურულია. გაუგებრობით მოხდა ეს ტრაგედია, ვერ გათვალეს, რომ ასეთი უბედურება შეიძლებოდა დატრიალებულიყო. ბენო მეზობლად ცხოვრობს, ეხმარებოდა მსხვილიძეებს. იმერეთში ვეხმარებით მეზობლები ერთმანეთს და ასეთი საშინელება დატრიალდა. საშინელ დღეშია ის მეზობელი, რომლის სახლში ეს ფაქტი მოხდა, თავს იკლავდა ისეთ დღეში იყო... წაიკითხეთ ვრცლად