ავტორი:

"თემურ ხარჩილავას სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის ვადა დღეს ეწურებოდა..." - რას წერენ სამხედროზე, ვინც შოვში, სტიქიის ზონაში მუშაობისას გარდაიცვალა?

"თემურ ხარჩილავას სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის ვადა დღეს ეწურებოდა..." - რას წერენ სამხედროზე, ვინც შოვში, სტიქიის ზონაში მუშაობისას გარდაიცვალა?

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო. 2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“, - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

გარდაცვლილ სამხედროზე სოციალურ ქსელში წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:

"შოვში, სამძებრო სამუშაოების პერიოდში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი ინსტრუქტორი, 50 წლის თემურ ხარჩილავა. მისი მეგობრების ინფორმაციით, თემური სამუშაოების მიმდინარეობისას, მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტრომაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა დაასახელა. სხვა დეტალები ჯერ არ ვიცით.

თემურ ხარჩილავას სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის ვადა დღეს ეწურებოდა და შინ უნდა დაბრუნებულიყო... აფხაზეთიდან დევნილი თემურ ხარჩილავა სამი შვილის (ორი სტუდენტისა და ერთი სკოლის მოსწავლის) მამაა, ის წლებია, ოჯახთან ერთად ზუგდიდში, გორგასლის ქუჩაზე ცხოვრობს. უაღრესად თავმდაბალი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, პატრიოტი ადამიანი - ასე დავახასიათებდი მას, მოკლედ - ასეთს ვიცნობდით და ასეთი დარჩება ჩვენს, მისი არცთუ ახალი მეზობლების გულებში სამუდამოდ. ეს მხოლოდ ჩვენი სამეზობლოს დანაკლისი არ არის, თემურ ხარჩილავა სრულიად საქართველოს დააკლდება".