კრემლში ვლადიმირ პუტინის 2024 წლის საპრეზიდენტო "კონკურენტებზე“ ჩამოყალიბდნენ. შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, "მედუზას“ ინფორმაციით, ასაკი იყო. გამოცემას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულმა წყაროებმა გააგებინეს.
ჩინოვნიკები თვლიან, რომ დარეგისტრირებულ კანდიდატებს შორის 50 წლამდე კანდიდატებმა ამომრჩევლები, შესაძლოა, დააფიქრონ, რომ 70 წლის პუტინი "უკვე აღარ არის ის ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში მტკიცე ხელით მოდიოდა“.
კრემლში მიიჩნევენ, რომ არჩევნებში, პუტინის გარდა (რომელსაც ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ მონაწილეობის მიღებას აპირებს), სამი პარტიის წარმომადგენლები მიიღებენ. კანდიდატები ეყოლებათ რუსეთის ფედერაციის კომუნისტიური პარტიიდან, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან და "ახალი ადამიანებიდან“.
კომპარტიიდან კანდიდატი სავარაუდოდ, გენადი ზიუგანოვი იქნება. ზიუგანოვის კანდიდატურა პუტინს აწყობს, რადგან, როგორც კრემლში თვლიან, მისი გვარი ამომრჩევლისთვის ცნობილია, ხოლო ახალი ამომრჩევლის მოზიდვა არ შეუძლია. "ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვებით, მოსახლეობაში მისი ნდობა 3%-ს შეადგენს.
კრემლის გეგმების მიხედვით, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან ლეონიდ სლუცკი იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი.
"ახალი ადამიანების“ პარტიიდან, მისი ლიდერის, ბიზნესმენ ალექსეი ნეჩაევის ხილვა სურთ. თუმცა, როგორც ორმა წყარომ "მედუზას“ განუცხადა, ნეჩაევმა იცის, "რომ ბევრი პროცენტის აღების უფლებას არ მისცემენ, ხოლო 2%-ის აღება თავად არ უნდა“.
საკუთარი კანდიდატურის ნაცვლად, ნეჩაევი კრემლს დუმის დეპუტატს ვლადისლავ დავანკოვს სთავაზობს. თუმცა კრემლს ის არ აწყობს. საქმე ისაა, რომ დავანკოვი 39 წლისაა და საჯარადაც ნორმალურად შეუძლია გამოსვლა. როგორც წყარო აცხადებს, გასაგებია, რომ ის დიდ პროცენტებს ვერ მიიღებს, თუმცა ახალგაზრდა და აქტიური კანდიდატი "პუტინის ასაკზე დანარჩენ ამომრჩეველს დააფიქრებს".
Russian Field-ის გამოკითხვის მიხედვით, "რა არ მოსწონთ რუსებს“ მოქმედ პრეზიდენტში, მესამე ყველაზე პოპულარული პასუხი - მისი ასაკია. "მედუზას“ მიერ გამოკითხული ჩინოვნიკები კი ვლადიმირ პუტინს ერთმანეთში სულ უფრო ხშირად უწოდებენ "ბაბუს“.
ავტორი: ანრი კურტანიძე