ავტორი:

მარსზე კოლონიის აშენებამდე არც ისე დიდი დრო რჩება? - რა აჩვენა წითელ პლანეტაზე ადამიანის საცხოვრებელი გარემოს სიმულაციამ და რა დაასკვნეს მეცნიერებმა

მარსზე კოლონიის აშენებამდე არც ისე დიდი დრო რჩება? - რა აჩვენა წითელ პლანეტაზე ადამიანის საცხოვრებელი გარემოს სიმულაციამ და რა დაასკვნეს მეცნიერებმა

ახალი კვლევის თანახმად, მარსზე კოლონიის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად მხოლოდ ორი ათეული ასტრონავტია საკმარისი, მაშინ როდესაც წინა კვლევებით 100 ადამიანი იყო საჭირო. ამის შესახებ სტატიას independent.co.uk აქვეყნებს.

მეცნიერებმა გააანალიზეს წინა კვლევები, როდესაც ვარაუდობდნენ, რომ მარსზე კოლონიის არსებობას შესაძლოა 100-დან 500-მდე ასტრონავტი დასჭირვებოდა.

აქამდე ჩატარებული კვლევების თანახმად, მარსზე ადამიანის დასახლებისთვის საცხოვრებელის მშენებლობა წარმოუდგენლად რთული საინჟინრო გამოწვევა იქნება. მეცნიერები ამბობენ, რომ პლანეტის არასაიმედო გარემო ასევე მოითხოვს, იქ აშენებული ნებისმიერი საცხოვრებელი ისე იყოს მოწყობილი, რომ ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში არ აღმოჩნდეს.

"გარდა ადგილზე რამდენიმე ძირითადი მინერალისა და წყლის მოპოვებისა, მარსზე მომავალი დასახლებები დამოკიდებული იქნებიან დედამიწიდან მარაგების შევსებაზე. ასევე საჭირო მარაგების შევსება უნდა მოხდეს ადგილზეც, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა მარსზე წყლის დაყოფა სუნთქვისთვის საჭირო ჟანგბადად და წვისთვის საჭირო წყალბადად“, - ნათქვამია სტატიაში.

ამავდროულად, ახალ კვლევაში მეცნიერებმა სცადეს უკეთ გაეგოთ მომავალი მარსელი კოლონისტების ქცევითი და ფსიქოლოგიური ურთიერთქმედება და შეეთავაზებინათ პოპულაციის ის დასაწყისი რაოდენობა, რაც საჭიროა იქნება სტაბილური კოლონიის შესაქმნელად.

"შედეგებმა აჩვენა, რომ 22 ადამიანი საკმარისი იქნება მარსზე კოსმოსური კოლონიის ასაშენებლად და შესანარჩუნებლად", - ნათქვამია სტატიაში.

სხვადასხვა ტიპის ურთიერთქმედების მოდელირებისთვის მეცნიერებმა ასევე გააანალიზეს წინა მონაცემები მაღალეფექტური გუნდების შესახებ, რომლებიც მუშაობდნენ იზოლირებულ და სტრესულ გარემოში, როგორიცაა წყალქვეშა ნავები, არქტიკის კვლევა და საერთაშორისო კოსმოსური სადგური.

მათ მარსზე ადამიანის საცხოვრებელი ადგილის სიმულაცია მოახდინეს სხვადასხვა საოპერაციო პირობებში, მათ შორის უბედური შემთხვევის ან დედამიწიდან მომარაგების შეფერხების შემთხვევაში.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ სიმულაციები ითვალისწინებდა გარემოსდაცვით ცვლადებს, რომლებსაც მარსზე მცხოვრებლები შეხვდებოდნენ. სიმულირებული მარსიანელი კოლონისტები იძინებენ, მოძრაობენ, ურთიერთობენ ერთმანეთთან და აწარმოებენ ან მოიხმარენ რესურსებს, მათ ასევე შეუძლიათ დაიზიანონ ჯანმრთელობა, დაიღუპონ.

"10-დან 170-მდე სიმულაციამ აჩვენა, რომ 22 ადამიანი საკმარისია გრძელვადიან პერსპექტივაში სიცოცხლისუნარიანი კოლონიის ზომის შესანარჩუნებლად".

მეცნიერებმა ადრე დაადგინეს, რომ მარსზე ერთი დღის ხანგრძლივობა ყოველწლიურად სამი მეოთხედი მილიწამით მცირდება პლანეტის ბრუნვის სიჩქარის გამო. ასეთი დასკვნები გაკეთდა NASA-ს InSight lander-ის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ამავე დროს, მკვლევარებმა ვერ იპოვეს ამ ფენომენის მიზეზი.