ავტორი:

"მეუფე ცუდად რომ იყო, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ იმდენად წარმოუდგენელია ეს ვინმეს ინტერესებში იყოს, ფანტასმაგორია მგონია" - მეუფე ნიკოლოზი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

"მეუფე ცუდად რომ იყო, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ იმდენად წარმოუდგენელია ეს ვინმეს ინტერესებში იყოს, ფანტასმაგორია მგონია" - მეუფე ნიკოლოზი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

ისეთი დაფარული ინფორმაციაა, მხოლოდ ჟურნალისტებისგან ვიგებ ამბებს - მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობით, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. რაც შეეხება გამოძიებას, მე ამითი როგორ უნდა დავინტერესდე? მე პირდაპირი წვდომა არ მაქვს, - ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც ის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიოს (მუჯირის) შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.

მეუფე ნიკოლოზის მტკიცებით, მისთვის უცნობია მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოიკითხნენ, თუ არა სასულიერო პირები.

"მე ამას ვიგებ მხოლოდ თქვენგან, ისეთი დაფარული ინფორმაციაა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. რაც შეეხება გამოძიებას, მე ამით როგორ უნდა დავინტერესდე? მე პირდაპირი წვდომა არ მაქვს. ამას უწყებები იძიებენ და რა თქმა უნდა, დაფარულია. აბა, დაფარული, რომ არ იყოს, როგორ გამოიძიებენ? თქვენ რაღაცნაირად ჟურნალისტები ახერხებთ და იგებთ ამბებს, მე ამის უნარი არ მაქვს.

არ ვიცი, სასულიერო პირები თუ გამოიკითხნენ. ეს ყველაფერი თქვენ უფრო იცით. მე მეუფესთან ურთიერთობა მაქვს, ვეკითხები და ძირითადად მაინტერესებს მისი ჯანმრთელობა როგორია. მეუფე ცუდად რომ იყო, ამაში ორი აზრი არ არის და მეუფეს, რომ რაღაც საფუძველი აქვს. იმდენად წარმოუდგენელია, რომ ეს ვინმეს ინტერესებში იყოს, ვერც კი ვფიქრობ ამას, რაღაც ფანტასმაგორია მგონია ეს ამბავი.

მეუფე შიომ თვითონ ბრძანა (მის ორგანიზმში მძიმე მეტალების შესახებ), მაგრამ არ ვიცი, ვერ გეტყვით. სამწუხაროდ, მძიმე მეტალები ყველა ჩვენგანის ორგანიზმში არსებობს და აქ რაოდენობას აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს შსს-მ მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს”, - განაცხადა შსს-მ.

მანამდე ქართული მედიის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. მაშინ აღნიშნულ ფაქტს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, "რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.