ჯენიფერ ენისტონმა სულ ახლახანს Wall Street Journal-ს მისცა ინტერვიუ, სადაც მსახიობმა მისი და ადამ სენდლერის გულითად მეგობრობაზე ისაუბრა. ჯენიფერმა გაამჟღავნა, რომ ადამი მას განსაკუთრებულად მძიმე დღეებში მუდამ მხარში უდგას და ახსენებს, რომ მისთვის ძვირფასი მეგობარია.
Wall Street Journal-თან საუბრისას ენისტონმა 2019 წლის ფილმის, "მკვლელობის საიდუმლოს" გადაღების პერიოდი გაიხსენა, რომელშიც ის და სენდლერი მთავარ როლში გვევლინებიან. ჯენიფერის თქმით, მას შემდეგ, რაც ადამმა და მისმა ცოლმა, ჯეკიმ შეიტყვეს, რომ ის შვილის ყოლას ცდილობდა, ყოველ დედის დღეს მას ყვავილების თაიგულს უგზავნიდნენ.
მსახიობები 2019 წლამდეც მეგობრობდნენ. მათ 2011 წელსაც გადაიღეს რომანტიკული კომედია, სახელწოდებით Just Go With It.
54 წლის ჯენიფერ ენისტონს არ ჰყავს შვილები და 2022 წელს მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომ რამდენიმე წლის წინ დაორსულებას ცდილობდა:
"ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის... ყველაფერს გავიღებდი იმისთვის, რომ წლების წინ ვინმეს ეთქვა, შენს თავს სიკეთე გაუკეთე და კვერცხუჯრედები გაყინეო. სამწუხაროდ, ეს ახლა შეუძლებელია."
ჯენიფერი ინტერვიუში მოყვა, თუ როგორ გაიარა ინ ვიტრო განაყოფიერების რაუნდი და დალია "ჩინური ჩაები". მსახიობის თქმით, მან უამრავი გზა სცადა, რომ ეს პრობლემა გადაეჭრა, მაგრამ უშედეგოდ..
ენისტონმა ამავე ინტერვიუში ბოლო მოუღო სპეკულაციებს, რომ ბრედ პიტსა და ჯასტინ თეროს შვილის გაჩენაზე უარის თქმის გამო დაშორდა.
"მე მხოლოდ ჩემი კარიერა მაღელვებდა. ამ ეტაპზე უკვე აღარაფერი მაქვს დასამალი. ის, რომ ქმარმა შვილის გაჩენაზე უარის თქმის გამო მიმატოვა, აბსოლუტური სიცრუეა".
წყარო: harpersbazaar
მოამზადა: ანა სიბოშვილმა