ავტორი:

პოლონეთში ლეგიონელეზის ვირუსით მე-8 ადამიანი დაიღუპა - რა არის ცნობილი ინფექციაზე, რა სიმპტომები ახასიათებს და რამდენად სახიფათოა

პოლონეთში ლეგიონელეზის ვირუსით მე-8 ადამიანი დაიღუპა - რა არის ცნობილი ინფექციაზე, რა სიმპტომები ახასიათებს და რამდენად სახიფათოა

პოლონეთში ლეგიონელეზის, იგივე "ლეგიონერის ვირუსით" მე-8 ადამიანი გარდაიცვალა - ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქ ჟეშოვოს საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს წარმომადგენლები ავრცელებენ, მათივე განცხადებით, ამ დროისთვის, ინფიცირების 100 შემთხვევა დააფიქსირდა.

პოლონური მედიის ცნობით, შესაბამისი სამსახურები დაავადების გაჩენის კერის დადგენას ცდილობენ.

  • ისტორია

დაავადება პირველად 1976 წელს, აშშ-ში, ფილადელფიაში გამოვლინდა. ამერიკის ლეგიონის (ომის ვეტერანთა კავშირის) ოთხი ათასამდე წევრი ყოველწლიურ ყრილობაზე შეიკრიბა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი ფილტვების ანთების მსგავსი დაავადებით გარდაიცვალა. მალე ასეთივე დაავადება შეკრების კიდევ სამ მონაწილეს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, ინფექცია ამერიკის ლეგიონის ორასზე მეტ წევრს შეხვდა, რომელთაგან სამი ათეული გარდაიცვალა.

  • მიმოხილვა

"ლეგიონერთა დაავადება" პნევმონიის მძიმე ფორმაა, რომელსაც ლეგიონელას სახელით ცნობილი ბაქტერია იწვევს. ინფიცირება კონდიცირების სისტემების ან ონკანების და საშხაპე კაბინების მეშვეობით ვრცელდება.

დაავადების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ხანდაზმულები, მწეველები და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები. ლეგიონელას ბაქტერია ასევე იწვევს პონტიაკის ცხელებას, უფრო მსუბუქ დაავადებას, რომელიც გრიპის მსგავსია. პონტიაკის ცხელება ჩვეულებრივ თავისთავად ქრება, მაგრამ ლეგიონერების დაავადება შეიძლება ფატალური იყოს.

  • სიმპტომები

დაავადება ჩვეულებრივ ბაქტერიის ზემოქმედებიდან 2-დან 10 დღემდე პერიოდში ვითარდება და ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ცხელება, ხველა, ჰაერის უკმარისობა, მკერდის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა.

მიუხედავად იმისა, რომ ლეგიონერების დაავადება უმთავრესად ფილტვებს აზიანებს, ზოგჯერ მას შეუძლია გამოიწვიოს ინფექციები სხეულის სხვა ნაწილებში, მათ შორის გულში.