შოვში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიიდან 23 დღე გავიდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე იდენტიფიცირებულია 31 გარდაცვლილი. მაშველები კიდევ 2 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან ზაზა მესხი და მისი ორი შვილი. ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ გარდაცვლილებს შორის ნახეს ზაზას მეუღლე, უკრაინელი ჟურნალისტი ალინა პოლიკოვსკა. რამდენიმე დღის წინ კი დასასტურდა მისი უფროსი შვილის გარდაცვალებაც.
როგორც ცნობილია, ზაზა მესხი უწერაში დასასვენებლად მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. 3 აგვისტოს ისინი შოვის დასათვალიერებლად ავტომობილით გავიდნენ, რის შემდეგაც მათთან კომუნიკაცია ვეღარ მოხერხდა.
ზაზას ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ დღის ბოლოს შეატყობინეს, რომ ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი დიდი ალბათობით ზაზა მესხს ეკუთვნის.
ზაზას ოჯახის ნათესავი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზაზა მესხის ცხედარი დანამდვილებით არის იდენტიფიცირებული.
"მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დღე გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან და ალინას ცხედრის პოვნიდან, მაინც თითქოს რაღაც იმედებს ვებღაუჭებოდით, სასწაულს ველოდით... იქნებ ზაზა და ბავშვები მაინც გადარჩენილიყვნენ... ყველას ძალიან გვიმძიმს მომხდარის გააზრება.
ძალიან ახალგაზრდა, ენერგიით და იდეებით აღსავსე შეუერთდა ორი ათეული წლის წინ ზაზა გერმანიის ქართულ სათვისტომოს. თანამოაზრე ახალგაზრდებთან ერთად იგი ძველი თაობის ემიგრანტების ოცნებად ქცეული სურვილის ასრულებას შეუდგა. ახლად არჩეულმა გამგეობამ, რომლის აქტიური წევრი ზაზაც იყო, დიდი წვლილი შეიტანა ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქართული სათვისტომოს საქმიანობის განახლებასა და საქველმოქმედო პროექტების წამოწყებაში.
ზაზა იყო გერმანიის ქართული სათვისტომოს პირველი ბეჭდვითი ორგანოს თანადამფუძნებელი, რომელსაც ასე ნატრობდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში გადმოხვეწილი ქართველები.
გერმანიიდან ინგლისში და შემდეგ ჰოლანდიაში გადასვლის შემდეგაც არ შეწყვეტილა კონტაქტი სათვისტომოს გამგეობასთან და მის წევრებთან.
მუდამ გვემახსოვრება ზაზა როგორც სათვისტომოს დაუღალავი წევრი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. მისი სახით საქართველომ გამორჩეული პატრიოტი და ღირსეული შვილი დაკარგა.
ვიზიარებთ ზაზას ოჯახის ღრმა მწუხარებასა და ტკივილს. მსუბუქი იყოს ზაზასთვის მშობლიური მიწა", - წერია გამოქვეყნებულ პოსტში.