ავტორი:

გამოკვეთილია უმძიმესი დანაშაული: საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენისთვის 79 ადამიანი დააკავეს - "ეს ნაძირლები საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს"

გამოკვეთილია უმძიმესი დანაშაული: საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენისთვის 79 ადამიანი დააკავეს - "ეს ნაძირლები საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს"

საბერძნეთის პოლიციამ ქვეყანაში გამძვინვარებული ტყის ხანძრების გაჩენისთვის 79 ადამიანი დააკავა. სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა განაცხადა, რომ ათენის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პარნითას მთაზე ცეცხლსასროლი იარაღით ხანძრის გაჩენის რამდენიმე მცდელობას ჰქონდა ადგილი. ინციდენტებს იძიებს საბერძნეთის პოლიცია და სადაზვერვო სამსახური.

საბერძნეთის მასშტაბით ტყის ხანძრებმა ბოლო კვირის მანძილზე მინიმუმ 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რაც შეეხება პარნითას მთის ხანძარს, ის ერთ-ერთია იმ ასობით ხანძრიდან, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს.

"თქვენ ქვეყნის წინაშე ჩადიხართ დანაშაულს",- თქვა კიკილიასმა.

"ეს ნაძირლები, რომლებიც ხანძრის გაჩენას ცდილობენ, საფრთხეს უქმნიან ტყეებს, ქონებას და უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სიცოცხლეს" - დასძინა მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე. "სასჯელს ვერ აცდებით, ყველას გიპოვით და პასუხს გაგებინებთ",- პირობას იძლევა კიკილიასი.

ზაფხულობით საბერძნეთში ტყის ხანძრები იშვიათობას არ წარმოადგენს და ექსპერტები ექსტრემალური ამინდის მოვლენებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

მომაკვდინებელ მოვლენას საბერძნეთის ასობით მეხანძრე ებრძვის. ევროკომისრის, იანეს ლენარჩიჩის თქმით, შაბათს, საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისთან გაჩენილი ტყის ხანძარი ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდია. ამავდროულად, ათენის მახლობლად, პარნითას მთაზე, დედაქალაქის მიმდებარე ტყეში მძვინვარებს ხანძარი, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ პარკს. ამ კვირის დასაწყისში კი, ევროსის რეგიონის მახლობლად, 19 ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც, სავარაუდოდ, მიგრანტები იყვნენ. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც.

წყარო:bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა