23 აგვისტოს ტვერის ოლქში ბიზნეს-ჯეტი Embraer Legacy 600, საბორტო RA-02795 და სერიული 14501008 ნომრებით, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ მეთაურს ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა, ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 7 მგზავრი.
ამ წუთებში გარდაცვლილთა იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. ცნობილია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავში. მგზავრების სიაში, რომელიც "როსავიაციამ" გაავრცელა, თავად ევგენი პრიგოჟინი და "ვაგნერის“ დამფუძნებელი დმიტრი უტკინიც ფიგურირებენ:
ევგენი პრიგოჟინი;
დმიტრი უტკინი;
სერგეი პროპუსტინი;
ევგენი მაკარიანი;
ალექსანდრ ტოტმინი;
ვალერი ჩეკალოვი;
ნიკოლაი მატუსეევი;
ეკიპაჟი: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი, კრისტინა რასპოპოვა.
სხვათა შორის, ჩეკალოვი, რომლის საბრძოლო სახელი "როვერია“, პრიგოჟინთან და უტკინთან ერთად, "ვაგნერის“ ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. ის სამხედრო ლოჯისტიკის გენიოსი იყო და სწორედ მისი მიდგომებით დაინერგა "ვაგნერის“ როტაციისა და მომარაგების სქემები. მისი წყალობით, კერძო სამხედრო კომპანიას შეეძლო რამდენიმე ათასი ჯარისკაცი აფრიკის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაესროლა.
როდესაც რუსეთის არმიას უკრაინაში ლოჯისტიკის უზარმაზარი პრობლემები შეექმნა, "ვაგნერში“ ჩეკალოვის დამსახურებით, სიტუაცია ბევრად მოწესრიგებული და ორგანიზებული იყო, რაც მათ შედეგიანობაზეც აისახა.
მოკლედ, "ვაგნერის“ ყველაზე გავლენიანი და საკვანძო პირები ბიზნეს-ჯეთში იმყოფებოდნენ.
ჩამოვარდნის მომენტიდან, რადგანაც ირგვლივ ბევრი თვითმხილველი იმყოფებოდა და ვიდეოების გადაღებაც მოხერხდა, არაერთი ვერსია გავრცელდა.
თავდაპირველად, თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ ორი აფეთქების ხმა გაიგეს. შემდეგ დაინახეს, რომ ხომალდს ფრთა და სტაბილიზატორი მოწყდა, რომელიც სოფელ კუჟენკინოს მიტოვებულ ფერმაში ჩამოვარდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ოლქში არსებულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა C-300-მა ორი რაკეტით ჩამოაგდო სამოქალაქო თვითმფრინავი, რადგან პრიგოჟინის თვითმფრინავი უკრაინულ დრონად მიიჩნიეს და გადამოწმების გარეშე გაანადგურეს. თუმცა ეს ვერსია მალე მიივიწყეს.
სპეცსამსახურების ვერსიაა, რომ ბორტზე ტერაქტი მოხდა, თუმცა საგამოძიებო კომისიამ საქმე უსაფრთხო მართვისა და ექსპლუატაციის პუნქტით აღძრა.
კიდევ ერთი ვერსიით, ევგენი პრიგოჟინი არა Embraer Legacy-ში, არამედ თავის მეორე თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც პეტერბურგიდან მოსკოვში მოფრინავდა. 20:02-ზე ის მოსკოვის აეროპორტში დაფრინდა, თუმცა იმყოფებოდა თუ არა იქ პრიგოჟინი, უცნობია.
საერთაშორისო ფრენების პორტალმა Flightradar-მა საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა. მასზე დაყრდნობით აშკარაა, რომ ბორტზე პრობლემები შეიქმნა. მაგალითად, თვითმფრინავმა 30 წამში 2.4 კმ-ით დაბლა დაიწია, ცოტა ხანი ეს სიმაღლე შეინარჩუნა, შემდეგ კი დაიწყო ვარდნა და საბოლოოდ ჩამოვარდა.
24 აგვისტოს, Al Jazeera-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფის ტერიტორიაზე ნაპოვნია პრიგოჟინის ტელეფონი.
ამჟამად ცხედრები ტვერის ერთ-ერთ მორგში ასვენია. მათი ნაწილი ისეთ მდგომარეობაშია, რომ დნმ-ის ექსპერტიზაა საჭირო.
პრიგოჟინისა და რუსეთის მთავრობის ურთიერთობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თანდათანობით იძაბებოდა. "ვაგნერის“ ლიდერი ხშირად აპროტესტებდა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურის ვალერი გერასიმოვის უპასუხისმგებლობას. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, როდესაც პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მის მებრძოლებს ჭურვებს არ აძლევს, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა იზრდებოდა.
2023 წლის 23 ივნისს, პრიგოჟინმა "სამართლიანობის მარში“ წამოიწყო, რომლის მიხედვით შოიგუ და გერასიმოვი უნდა დაეპატიმრებინათ. 24 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით, ამბოხი შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინმა მეამბოხეებს სამშობლოს მოღალატეები უწოდა, საბოლოოდ, პრიგოჟინისა და "ვაგნერის“ ლიდერებზე სამართლებრივი დევნა 27 ივნისს შეწყდა. ბელარუსის პრეზიდეტი კი აცხადებდა, რომ პრიგოჟინის უსაფრთხოების გარანტად რჩებოდა.
20 აგვისტოს, ამბოხის შემდეგ, პრიგოჟინის პირველი ვიდეო გავრცელდა. "ვაგნერის“ ლიდერი აცხადებდა, რომ აფრიკაში იმყოფებოდა.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ანრი კურტანიძე