ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში “ვაგნერის” ლიდერი ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” დამფუძნებელი დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო (“როსავიაცია”) ავრცელებს.
"როსავიაცია” ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების სრულ სიას აქვეყნებს.
"გარდაცვლილები არიან მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ასევე, ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ორი თვის წინ "ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა, პრიგოჟინის მეთაურობით, მოაწყვეს შეიარაღებული მარში მოსკოვზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ ამბოხების კვალიფიკაცია მისცა. ამასთანავე, "ვაგნერელებმა“ ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
ამბოხების მიზეზი გახდა პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი. პრიგოჟინმა წამოაყენა პოლიტიკური მოთხოვნებიც.
იმჟამად პრიგოჟინი არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამბოხებას "ზურგში დანის ჩაცემა“ უწოდა და პირობა დადო, რომ ყველა "მოღალატე“ დაისჯებოდა.
იხილეთ ასევე: