ავტორი:

სკანდალი კოცნის გამო: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ფეხბურთელი ქალის კოცნა შეიძლება თანამდებობად დაუჯდეს - "ცუდი განზრახვა არ მქონია"

სკანდალი კოცნის გამო: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ფეხბურთელი ქალის კოცნა შეიძლება თანამდებობად დაუჯდეს - "ცუდი განზრახვა არ მქონია"

ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მან ინგლისის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. მაგრამ დაჯილდოების ცერემონიაზე ყველას ყურადღება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის საქციელმა მიიპყრო - რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, ჯენიფერ ერმოსოს უკითხავად აკოცა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, პედრო სანჩესის განცხადებით, რუბიალესის ჟესტმა აჩვენა, რომ ესპანეთს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მისაღწევად, - ”ის, რაც ჩვენ ვნახეთ, სრულიად მიუღებელი ჟესტი იყო. ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია. საქმეზე დაიწყება გამოძიება. ვიქტორ ფრანკოსმა, ესპანეთის სპორტის მდივანმა და ქვეყნის სპორტის საბჭოს (CSD) პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზად არიან გამოძიებისთვის ესპანეთის სპორტის ადმინისტრაციულ სასამართლოს მიმართონ.

კოცნის შესახებ თავად ერმოსომაც ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი გამარჯვებით გამოწვეული ემოციებს გამო მოხდა - "კოცნა ნამდვილად მოულოდნელი იყო, თუმცა ყველაფერი ემოციის გამო მოხდა - მეტი არაფერი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს აჟიოტაჟს არ გამოიწვევს”, - განაცხადა ფეხბურთელმა.

მომხდარის გამო რუბიელესმა ბოდიში ორშაბათს მოიხადა და აღნიშნა, რომ მისი საქციელი "მიუღებელი იყო".

"ეს ის შემთხვევაა, რომელსაც ძალიან ვნანობ. ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი. ყველაფერი აღტაცების მომენტში, ძალიან სპონტანურად მოხდა. ცუდი განზრახვა ნამდვილად არ მქონია. ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო", - განაცხადა რუბიელესმა ვიდეო მიმართვაში.

ესპანეთში ქალთა უფლებების დამცველები მის გადადგომას მოითხოვენ.

მომხდარს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესიც კი გამოეხმაურა და განაცხადა, - ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არისო.