ქართველი კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე (ლავასოღლი) ამჯერად მოლდოვაში დააკავეს. როგორც ირკვევა, სპეცოპერაცია კიშინიოვში 19 აგვისტოს ჩატარდა. სამართალდამცავები კანონიერ ქურდს ფულის გამოძალვაში სდებენ ბრალს. ლავასოღლიმ ყოფილ თანასაკნელთან ერთად ბიზნესმენებსა და ყოფილ პარტნიორებს შორის საქმის გარჩევაში მიიღო მონაწილეობა და "ჯილდოდ“ ერთი მილიონი ევრო, ნაღდი ფულის და ავტომობილების სახით მიიღო.
პოლიციამ ჩხრეკა კიშინოვში ლავასოღლის სახლებში ჩაატარა. ამოღებულია ნაღდი ფული და ძვირადღირებული ავტომობილები.
ადგილობრივი მედია, სამართალდამცავებზე დაწყრდნობით წერს, რომ საქმე ორ ადგილობრივ ბიზნესმენს შორის ფინანსურ გარჩევას ეხებოდა, რის გამოც, ერთ-ერთმა მხარემ ყოფილ სპორტსმენ, კრიმინალ ივან ტოლტოიანუს მიმართა დახმარებისთვის, რომელიც მინდია ლავასოღლის დაუკავშირდა. ლავასოღლი და ტოლტონიაუ მანამდე ერთად ისხდნენ ციხეში.
გავრცელებული ინფორმაციით, ლავასოღლის საქმეში დევს აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ისმის, თუ როგორ ემუქრება მინდია ლავასოღლი ადგილობრივ ბიზნესმენს ოჯახის ლიკვიდაციით.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, საერთაშორისო ძებნილი, 42 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" ლავასოღლი დააკავეს. ლავასოღლი ტირანაში უკრაინელი მოქალაქის ყალბი პასპორტით სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობდა. ლავასოღლი ეჭვმიტანილი გახლდათ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობაში, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის უნებართვოდ შენახვაში, თუმცა როგორც ჩანს, მაშინ გისოსებს თავი დააღწია.
მინდია გორაძეს 2016 წელს ქართულმა სასამართლომ ჯგუფური ყაჩაღობისთვის, ქურდული სამყაროს წევრობისთვისა და ძალადობისთვის 12 წელი შეუფარდა, თუმცა მაშინ სასამართლომ საქმის განხილვა 9-თვიან ვადაში ვერ დაასრულა და ლავასოღლის გათავისუფლება მოუწიათ. მან საქართველო მალევე დატოვა და თურქეთში გადავიდა.
წაიკითხეთ ასევე: