რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, დასავლეთმა უნდა გაითავისოს, რომ 2008 წელს რუსეთმა შეაჩერა თბილისზე თავდასხმა, როცა მოახერხა საფრთხეების აღმოფხვრა.
"დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს", - აღნიშნა მედვედევმა.
მისი თქმით, დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი შემობრუნება იქნება "მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფული დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო".