რუსეთში, კერძოდ ეკატერინბურგში გაბონიდან ჩამოსული ურალის ფედერალური უნივერსიტეტის ასპირანტი ფრანსუა ნიჯელასილი მოკლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდის მკვლელობაში რასობრივ მოტივი ჩანს, ნეონაცისტები დაკავებულის ადვოკატისთვის ფულს აგროვებენ, ამ დროს კი სამართალდამცავი ორგანოები დუმილს ინარჩუნებენ.
თვითმხილველების თქმით, 32 წლის ნიჯელასილს პარასკევს კაფეში ორი ადამიანი მიუახლოვდა, რომლებმაც მოულოდნელად თქვეს: "შეხედეთ, შავკანიანი, მოდი, ვცემოთ“. ჩხუბის დროს ნიჯელასილი მკლავში დაჭრეს, ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, ფრანსუა დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვით გარდაიცვალა.
ადგილობრივი პორტალი E1 წერს, რომ სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს. E1 წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილმა თქვა, რომ მას მხოლოდ სურდა, რომ ეს გაკვეთილი ყოფილიყო უცხოელისთვის და რომ მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია...
დაკავებულის თქმით, ჩხუბი თითქოს გოგონას გამო დაიწყო.
ადგილობრივი მედია წერს, რომ სამართალდამცველები უარს აცხადებენ კომენტარზე. რაც შეეხება უნივერსიტეტს, სოციალურ ქსელში მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ ასპირანტის გარდაცვალებაზე პოსტი გამოაქვეყნეს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ის "ტრაგიკულად გარდაიცვალა".
ანტიფაშისტურმა პროექტმა Antifa.ru-მ აღმოაჩინა, რომ ნეონაცისტებს "ტელეგრამზე" დახურული არხი აქვთ, სადაც რამდენიმეჯერ გამოაქვეყნეს რასისტული თავდასხმების ვიდეო. არხის წევრები ამ დროისთვის დაკავებული დანილ ფომინის ადვოკატისთვის ფულს აგროვებენ. ნეონაცისტების თქმით, "ფომინი მარტო იყო ორი შავკანიანის წინააღმდეგ“, ხოლო "უბედურ შემთხვევამდე“ მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ჩხუბი მოხდა. ნეონაცისტები კონფლიქტის მიზეზებს არ აკონკრეტებენ.