ავტორი:

ქვათაცვენა ვაკე-საბურთალოს გზაზე - რას აცხადებენ თბილისის მერიაში? (ვიდეო)

ქვათაცვენა ვაკე-საბურთალოს გზაზე - რას აცხადებენ თბილისის მერიაში? (ვიდეო)

"ფეისბუქზე" გავრცელდა მოკლე ვიდეო, რომელშიც ჩანს თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე როგორ იშლება კლდე. ვიდეოს ავტორი სალი ჯიქიძეა.

თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, გვირაბის მიმდებარედ, ფერდიდან ქვათაცვენის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

დღეს საღამოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარედ არსებული ფერდიდან მოხდა ქვათაცვენა, კონკრეტულ მონაკვეთზე მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა.

მათივე ცნობით, გზის მონაკვეთზე, სადაც ქვათაცვენა მოხდა, მოძრაობა შეიზღუდება.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებობს პრობლემური მონაკვეთი, სადაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ქვათაცვენა.

ვინაიდან ფერდზე წლების წინ მოწყობილი ბადე ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობის თაობაზე.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. დილის 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ხდება ფერდის ჩამოწმენდა და ნაშალი მასის გატანა. ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შესაბამისი ბადის მოწყობა რომელიც ანკერების მეშვეობით ჩამაგრდება კლდის მყარ ქანებში.

სამუშაოების პროცესში გზის ერთი ზოლი გადაკეტილია.

გზა ასევე შეიზღუდება დღეს საღამოს დაფიქსირებული ქვათაცვენის ადგილზე, მოხდება სპეციალისტების მიერ ადგილის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის სარკინიგზო მაგისტრალის დერეფანში, ქ. თბილისში, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა კლდეზვავის ჩამოშლას, რომელმაც რკინიგზის ლიანდაგი დაფარა და სარკინიგზო მოძრაობა დროებით შეაფერხა.