Black Sea Arena-ზე გამართული The Killers-ის კონცერტი სკანდალად მას მერე იქცა, რაც ჯგუფმა სცენაზე დრამერად რუსი ახალგაზრდა აიყვანა.
მსმენელთა თქმით, მუსიკოსმა დრამერს ჰკითხა, საიდან იყო, რაზეც უპასუხა, რომ რუსეთის მოქალაქეა, ამას კი დარბაზიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით The Killers-ის მუსიკოსმა ხალხს მიმართა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ძმები არიან და დრამერს დაკვრის საშუალება მისცა, რასაც პროტესტი მოჰყვა.
შემთხვევას უცხოური მედია ეხმაურება, მსოფლიოს წამყვანი გამოცემები The Guardian, Reuters და Insider - ი მომხდარზე წერენ.
დასავლური მედია გარკვევით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში, რომელშიც რუსეთი 2008 წლის აგვისტოში შეიჭრა, მომღერალმა ბრენდონ ფლაუერსმა სცენაზე რუსი თაყვანისმცემელი აიყვანა.
"რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას 2008 წლის შემდეგ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შედეგად, საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქე დასახლდა, რასაც ქართველების პროტესტი მოჰყვა", - აღნიშნულია The Guardian-ის სტატიაში.
"სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ხალხი სტვენითა და შეძახილებით ტოვებდა შოუს. ქართული საზოგადოებრივი აზრი დიდწილად პროუკრაინულია", - აღნიშნავს "როიტერსი".
"ინსაიდერი" იხსენებს რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების და ქართლი მიწების ოკუპაციის ისტორიას და წერს, რომ ისინი ცდილობდნენ ბენდის წარმომადგენლების ჩაწერას, მაგრამ მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
უცხოური გამოცემები წერენ იმასაც, რომ მომხდარს ბენდი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოდიში მოიხადა:
"ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ფანების სცენაზე აყვანის დიდი ხნის ტრადიცია გვაქვს. ხალხის თავდაპირველმა გამოხმაურებამ მიგვანიშნა, რომ ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ.
მხოლოდ იმის თქმა გვინდოდა, რომ The Killers-ის მთელი აუდიტორია და თაყვანისმცემელი "ძმები და დები" არიან, რაც არასწორად იქნა გაგებული. ფაქტია, რომ არავის წყენინება არ გვინდოდა და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით" - ნათქვამია The Killers-ის განცხადებაში.
იხილეთ ასევე: