The Killers-მა Black Sea Arena-ს სცენა აუდიტორიის სტვენის ფონზე დატოვა. ამის შესახებ საკონცერტო დარბაზში მყოფმა მოქალაქეებმა განაცხადეს. მათი თქმით, მუსიკოსმა რუსეთის მოქალაქე სცენაზე აიყვანა, რომელსაც ე.წ პლაკატზე ეწერა, რომ “დრამერია” და სცენაზე ასვლა სურდა.
მოქალაქეების თქმით, მუსიკოსმა დრამერს ჰკითხა, საიდან იყო, რომელმაც განუცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეა. მოგვიანებით მუსიკოსმა ხალხს მიმართა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ძმები არიან, რასაც პროტესტი მოჰყვა.
“მუსიკოსმა ხალხს ჰკითხა დრამერის სცენაზე აყვანასთან დაკავშირებით, მათ ერთი სიმღერა შეასრულეს. კონცერატი ამ დროისათვის დასრულებულია. მოქალაქეების ნაწილი პროტესტის ნიშნად საკონცერტო დარბაზიდან გავიდა, შეძახილებით “რუსეთი ოკუპანტია”, “პუტინი მკვლელია”. აღნიშნული შეძახილების შემდეგ მუსიკოსმა თქვა, რომ ქართველი და რუსი ხალხი ძმები ხართო, რამაც მოქალაქეების უფრო მეტად გაღიზიანება გამოიწვია”,- გვითხრეს მოქალაქეებმა.
მომხდარის შემდეგ განცხადება გავრცელდა The Killers-ის "ფეისბუქის გვერდზე, სადაც წერენ რომ არ სურდათ ქართველი ხალხის განაწყენება:
"ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია დრამებზე დასაკვრელად ხალხის დაპატიჟების და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ დღეს სცენაზე აუდიტორიიდან ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომლის მიზანიც იყო ეთქვა, რომ The Killers-ის აუდიტორია და ფანები "ძმები და დები არიან", შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს გიხდით. თქვენთან ერთად ვართ და იმედი გვაქვს, რომ მალე დავბრუნდებით“, - წერია განცხადებაში.
ქართული მუსიკალური ბენდი LOUDspeakers, რომელიც დღეს ბლექ სი არენაზე The Killers-ის შოუმდე უკრავდა, "ფეისბუქზე" გამოეხმაურა სცენაზე რუსი დრამერის აყვანის ფაქტს.
"ქილერსის warm up-ზე დაკვრა საამაყო გვეგონა, მაგრამ რუსის დრამზე აყვანით და მცდელობით, რომ რუსები და ქართველები ჩაეხუტებინათ, ძალიან იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ. უნდა იცოდე სად ჩადიხარ! რუსეთი მტერი და ოკუპანტია!!!" - წერს ბენდი LOUDspeakers "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
ასევე ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა Black Sea Arena-ს ადმინისტრაციამ.
"გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია", - წერია განცხადებაში.