საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია.
"ჩვენს გვერდზე დადებული განცხადება ყოველთვის არის შეთანხმებული კათოლიკოს-პატრიარქთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან.
გვინდა აღვნიშნოთ ისიც (სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომ როდესაც ქვეყანაში მასშტაბური მოვლენა ხდება, რომელზეც შეფასებას პირველ იერარქი აკეთებს, მასთან (და, ასევე, ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან) შეუთანხმებლად ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან საჯარო სივრცეში განსხვავებული დასკვნის გაკეთება სუბორდინაციის სერიოზული დარღვევაა.
ყველას მოვუწოდებთ ერთობისა და მშვიდობისაკენ“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს ემიჯნება. ამავე განცხადებაში საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, "თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან“.
იხილეთ ასევე: