ავტორი:

1930 წელი, ფილმი "ბუბა", რომლითაც ნუცა ღოღობერიძემ შოვის ტრაგედია იწინასწარმეტყველა - რას ჰყვება ლანა ღოღობერიძე დედის გადაღებულ, საბჭოთა ხელისუფლების აკრძალულ და 2016 წელს ძლივს ნაპოვნ ფილმზე?

1930 წელი, ფილმი "ბუბა", რომლითაც ნუცა ღოღობერიძემ შოვის ტრაგედია იწინასწარმეტყველა - რას ჰყვება ლანა ღოღობერიძე დედის გადაღებულ, საბჭოთა ხელისუფლების აკრძალულ და 2016 წელს ძლივს ნაპოვნ ფილმზე?

შოვის ტრაგედიის ამ მძიმე დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ ქართულ დოკუმენტურ ფილმს "ბუბა“, რომლის რეჟისორი ნინო (ნუცა) ხუციშვილი - ღოღობერიძეა. ფილმი რაჭას და რაჭველებს ეძღვნება. გადაღებულია 1930 წელს და მასში ამ კუთხის როგორც ყოფა-ცხოვრების, ტრადიციების ამსახველი ეპიზოდებია ნაჩვენები, ასევე მეწყრული პროცესები, ქვათაცვენა, ხე-ტყის მოპოვება, საფრთხის შემცველი ცხოვრება მდინარის სიახლოვეს და ისიც, თუ როგორ მივიდა შოვი საკურორტო ეტაპამდე.

სიუჟეტი ასე იწყება - რაჭაში ჩასული მოგზაური, ტურისტი იწყებს ამ კუთხის გაცნობას... "ბუბა“ 5 ნაწილისაგან შედგება და ყოველი თავი თითოეულ ამ თემაზე მოგვითხრობს, რაც ვახსენეთ. მისი სახელწოდება კი მყინვარ ბუბას უკავშირდება.

როგორც ამ კადრებით ირკვევა, მეწყერი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, ზემო რაჭისთვის იმ დროშიც დამახასიათებელი ყოფილა და რეჟისორმაც ფილმში ამას სერიოზული ადგილი დაუთმო. ნუცა ღოღობერიძე პირველი ქართველი ქალი რეჟისორია, ხოლო. "ბუბა" მისი პირველი ნამუშევარი, რომელიც საბჭოთა რეპრესიებამდე და გადასახლებამდე გადაიღო. გასაოცარია ის, რომ ლამის საუკუნის წინ საერთოდ ამ საკითხით დაინტერესდა ან იმ რთულ პერიოდში როგორ მოახერხა ყველაფრის ასე ფილმად აკინძვა. ფაქტია, რომ სურათი მაყურებელზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რასაც ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებშიც გამოხატავენ.

ოპერატორი არის სერგეი ზაბოზლაევი, მხატვარი - დავით კაკაბაძე, ხანგრძლივობა - 45 წუთი. ფილმი "სახკინმრეწვის“ პროდუქტია.

რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე ასევე ცნობილი ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის დედაა.

ლანა ღოღობერიძე:

- მართალი გითხრათ, მეც ზუსტად ისე ვარ, როგორც დღევანდელი მაყურებელი... გაოცებული ვარ, რომ 1930 წელს, 28 წლის ქალი ამაზე ფიქრობდა. იმ პერიოდისთვის გერმანიიდან უკვე დაბრუნებული იყო, სადაც ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. მანამდე ჯერ ერთი ფილმი მიშა კალატოზოვთან ერთად გააკეთა, ისინი მეგობრები იყვნენ და "მათი სამეფო“ ერთად გადაიღეს. ის უფრო მონტაჟური ფილმი იყო. მერე კალატოზოვმა სვანეთში 1930 წელს "ჯიმ შვანთე“ გადაიღო, დედაჩემმა კი - "ბუბა“, რომელიც მაშინვე აიკრძალა, მოგვიანებით კი აკრძალეს მისი 1933 წელს გადაღებული ფილმი "უჟმურიც“.

დედა 1937 წელს გადაასახლეს და კინოზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ფილმები საერთოდ დაიკარგა, ისტორიისთვისაც აღარ არსებობდა... დედა რომ გარდაიცვალა, მიზნად დავისახე, მისი ნამუშევრები მეპოვა, ბევრი წელი ვეძებდი, თავიდან ყველა მხრიდან უარი იყო, მეუბნებოდნენ, რომ არსად არ იყო. საბოლოოდ, მოსკოვის ერთ-ერთ არქივში ვიპოვეთ.

- თავის ფილმებზე სიცოცხლეში არ საუბრობდა?

- იმდენად ტრავმირებული იყო იმის გამო, რაც თავს გადახდა, რომ ფილმებზე საერთოდ არ ლაპარაკობდა. თითქოს ისინი არც არსებობდა, ამიტომ რაიმე კონკრეტული ამბავი ამ ფილმთან დაკავშირებით არ ვიცი, გარდა იმისა, რაც ფილმში თავად ვნახე.

დედას ნამუშევრებმა მერე ლამის მთელი მსოფლიო მოიარა - იყო ამერიკაში: სან-ფრანცისკოში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ასევე სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, გერმანიაში... სამხრეთ კორეაში გამაოგნებელი იყო მისი ფოტოს ხილვა ქალაქის ქუჩებში... ყველგან წერდნენ, რომ "ბუბა“იყო ფესტივალების აღმოჩენა. თუმცა მანამდე, როგორც ვთქვი, მისმა ნამუშევრებმაც ისეთივე ტრაგიკული ბედი გაიზიარეს, როგორც თავად დედამ.

- "ბუბა“ შოვის ტრაგედიის დღეებში აქტუალური გახდა... განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ფილმში ნაჩვენებია მეწყრული პროცესი, ბრძოლა მდინარესთან, გლოვის გასაოცარი ტრადიცია... ისიც თქვეს, როგორი წინასწარმეტყველურიაო. გაკვირვებას მისი სახელწოდებაც იწვევს... რა დასანანი იქნებოდა, ეს ნამუშევარი რომ დაკარგულიყო...

- 2016 წელს აღმოვაჩინე. მახსოვს, მასალების მოძიებაში ლაშა ბაქრაძე დამეხმარა... მერე ფილმიც გადავიღე დედაჩემზე, სადაც "ბუბაზე“ ბევრს ვლაპარაკობ... ფილმის ნახვისას მაშინვე თვალში მომხვდა ტრაგედიის დროს ადამიანების განსაკუთრებული თანაგრძნობა, რომლითაც ადგილობრივი მაცხოვრებლები, განსაკუთრებით ქალების და ბავშვების მიმართ იჩენენ. ეს დამოკიდებულება შთაბეჭდილებას ახდენს, ასევე ის, თუ ყოველდღიურად ბუნებასთან როგორი ბრძოლა და ნამდვილი ომი უწევთ. ხან მეწყერი ატყდებათ თავს, ხან მდინარე უნადგურებს მოსავალს. მეწყრის ეპიზოდი როგორ დაიჭირა, დღესაც მიკვირს ან გლოვის როგორი კადრებია გადაღებული.

- ალბათ ახლა შოვის ტრაგედიის შემდეგ "ბუბა“ კიდევ ხელახლა და კიდევ სხვანაირად აღმოაჩინეთ...

- ისე მოქმედებს ჩემზე ეს ამბავი, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს დედაჩემმა რაღაც იცოდა, რომ ეს ყველაფერი ასე დაინგრეოდა... მაგ ფილმს რომ იღებდა, 2 წლის ვიყავი. ერთადერთი, რაც მაგ პერიოდს ეხება და რაც უკვე დედის მონათხრობიდან მახსოვს, ასეთია: დედას თურმე გადაღებაზე რომ ვაცილებდი, გულამოსკვნილი ვტიროდი. ვიღაც კაცს უთქვამს, ისეთ რა საქმეზე მიდიხარ, შვილო, რომ ბავშვის ცრემლად ღირდესო. მართლაც, ისეთი რაღაცის შესაქმნელად მიდიოდა, რომ ჩემი ცრემლები ამისთვის ნამდვილად ღირდა. ასეთი ისტორია შემოგვინახა.

- გლოვის სცენა მართლა როგორი შთამბეჭდავია...

- და ასევე ეპიზოდი, როცა რაჭველები მდინარის მოთვინიერებას ცეკვით ცდილობენ, საოცარია... მახსოვს კიდევ ასეთი ეპიზოდები, - ქალები, ადგილობრივი მოსახლეები, რომლებიც ფილმში ჰყავს გადაღებული, რაჭიდან თბილისში რომ ჩამოდიოდნენ, ჩვენთან მოდიოდნენ, დედას მოინახულებდნენ ხოლმე... ვინ იცის, იქნებ ახლა მათი შთამომავლებიდან ამ ტრაგედიას ვინმე ემსხვერპლა კიდეც ან პირიქით გადაარჩინა ადამიანი... დიდი ტრაგედია დატრიალდა რაჭაში, ყველას ვუსამძიმრებ...

რაც შეეხება სოფლებს, მეკითხებიან - ღებია თუ გლოლაო? ამაზე პასუხი არ მაქვს, იქნებ თავად რაჭველებმა, ვინც უკეთ იცის ეს მხარე, კადრებიდან დაადგინოს. ისე, ბავშვობიდან მახსოვს, ვიდრე ჩემს მშობლებს დააპატიმრებდნენ, შოვში დასასვენებლად მივდიოდით ხოლმე...

- დიდი შემოქმედი ყოფილა ნუცა ღოღობერიძე...

- და დღეს როგორც იტყვიან, კრეატიული ადამიანი... მისი ცხოვრება არის ჭეშმარიტი დადასტურება იმისა, რომ ხელნაწერები არ იწვის, ის, რაც ადამიანმა შექმნა, ხელით შექმნილი სილამაზე, წიგნი, ფილმი თუ ხელოვნების ნაწარმოები, მაინც გაიკვალავს თავის გზას.

  • ნახეთ ფილმი: