ავტორი:

"ძალიან კი გამიჭირდება, მაგრამ შევძლებ, ამოვალ და გავისაუბროთ... ველოდები თქვენს ზარს" - დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს

"ძალიან კი გამიჭირდება, მაგრამ შევძლებ, ამოვალ და გავისაუბროთ... ველოდები თქვენს ზარს" - დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს

შოვში მეწყერ გადარჩენილი დავით ჯელაძე, ირაკლი კობახიძეს მიმართავს და წერს, რომ შეუძლია შოვში მივიდეს და აჩვენოს კობახიძეს ის გზა, რომელიც მეწყრის დროს, დისშვილთან, მაშოსთან ერთად გაიარა.

"გავიგე, ბატონი ირაკლი კობახიძე პირველივე დღიდან შოვში არის და საკუთარი ძალებით ეხმარება ადამიანებს, რომ აპოვნინოს დაკარგული ადამიანები ოჯახს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.

მე შემიძლია, ბატონო ირაკლი, მოვიდე შოვში, ძალიან კი გამიჭირდება, მაგრამ შევძლებ, ამოვალ და გავისაუბროთ და განახებ ჩემს და მაშოს გადაადგილებას, ჩემს მონაყოლს თუ არ დაიჯერებ, იქ არის ხალხი, ვინც შეესწრო ჩემს ჯოჯოხეთურ გზას და თუ არც მაგ ადამიანების ნათქვამის გჯერა, არსებობს ვიდეო კადრები.

ძალიან კარგად და მშვიდად ვგრძნობ მე თავს, რადგან ვარ ყველანაირად მართალი... ველოდები თქვენს ზარს", - წერს დავით ჯელაძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ, არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.

"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.