მომღერალ ელენე ფოჩხუას საქართველოში არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს: მას შეუძლია ერთნაირი ოსტატობით შეასრულოს ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმღერებიც და აფრიკული "იავნანაც", თუმცა მსმენელის გული მეგრული სიმღერებით მოიგო. ელენე ფოჩხუას ტკივილიანი ცხოვრება აქვს გამოვლილი და ამ ტკივილს დღემდე უჩუმრად ატარებს...
- ელენე, შვილების აღზრდასთან ერთად პროფესიული წინსვლა რამდენად რთულია და რა შეიძლება დათმოს ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად?
- ამ ორი რამის ერთმანეთთან შეთავსება მართლა ძალიან რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. როდესაც ოჯახს ქმნი, როცა ცხოვრებაში ასეთ სერიოზულ ნაბიჯს დგამ, ესე იგი, ის ადამიანი გიყვარს და მის გამო კომპრომისზე წასვლაც შეგიძლია. მერე ამ სიყვარულს ბავშვების სიყვარულიც ემატება და ცდილობ, შენს ოჯახს თვალისჩინივით მოუარო, მოუფრთხილდე... იცით, მე მესმის იმ ქალებისა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, წლობით ნაშენები ურთიერთობა არ დაანგრიოონ, ისინი ოჯახის შესანარჩუნებლად ღალატსაც პატიობენ და ტყუილსაც. სამწუხაროდ, მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა და როცა ჩემი მეუღლე ბოდიშებით მოვიდა, მეც ვაპატიე. მან საქმეში ნათესავები და მეგობრები ჩარია და ბევრი რამ გააკეთა, რომ შევრიგებოდი. მე ამ ყველაფერს ანგარიში გავუწიე და კიდევ ერთი შანსი მივეცი, იმიტომ კი არა, რომ მარტო ცხოვრების მეშინოდა, არც იმაზე ვფიქრობდი, ვინ რას იტყოდა. ჩემი მშობლებიც ყოველთვის მეუბნებდნენ, თუ მეუღლესთან ბედნიერი არ ხარ, დღესვე შეგიძლია მასთან ურთიერთობა შეწყვიტოო.
- აბა, რატომ შეურიგდით?
- არ ვიცი, ალბათ, ეს ქალური ჟინია, როცა არ გინდა, შენთვის ძვირფასი ადამიანი სხვას დაუთმო, როცა ვერ ივიწყებ, რომ ამდენი წლის განმავლობაში მასთან მშვიდად და კარგად ცხოვრობდი. ეს მარტივი დასათმობი არ არის, ამიტომაც ჩემს მეუღლეს მეც ბევრი რამ დავუთმე და ყველაფერი თავიდან, სუფთა ფურცლით დავიწყეთ. ყველაფრის მიუხედავად, ოჯახი მაინც ვერ შევინარჩუნე - მას ახლა ცოლიც ჰყავს და შვილიც.
- ალბათ, ეს ძალიან ცუდი, უსიამოვნო განცდაა...
- სულაც არა - რომ დავფიქრდები, საერთოდ არ ვნანობ, თქვენ წარმოიდგინეთ, არც კი მახსოვს, რომ ის ერთ დროს ჩემი ქმარი იყო. გულში არც ბრაზი მაქვს და არც შურისძიების სურვილი. როცა ადამიანი ასე დაგამცირებს და გადაგივლის, როცა შენს სიკეთეს ვერ დაინახავს, გულში მხოლოდ სიცივე და სიცარიელე გრჩება. რომ დავფიქრდები, ახლა ბევრად უკეთესად ვარ: ყოველგვარი ქაოსის და გაუგებრობის გარეშე ვცხოვრობ და ფეხზე უფრო მყარად ვდგავარ. ფინანსური თვალსაზრისითაც უკეთესად ვარ - ზუსტად ვიცი, რა და როგორ გადავანაწილო და ხვალ რა უნდა ვაკეთო. ვფიქრობ, რომ მუდმივ ქაოსში და გაუგებრობაში ყოფნას მშვიდად ცხოვრება სჯობს. ამიტომ, ყოფილ მეუღლეს მადლობას ვუხდი, რომ წავიდა, მადლობას ვუხდი ჩემი გათავისუფლებისთვის! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მის მიმართ ყველა გრძნობა განულდა. არც შვილების მოვლა მიჭირს, რადგან ადრეც სულ ვმუშაობდი, ჩემი შემოსავალი მქონდა და იმის შიში ნამდვილად არ მქონია, რომ უქმროდ თავს ვერ შევინახავდი.
- თავდაპირველად მარტო ცხოვრება არ გაგიჭირდათ?
- ამ ცხოვრებაში რთული არაფერია, მთავარია, შენი თავის იმედი გქონდეს და შრომა არ დაიზარო... დღეს, ძალიან ბევრი ქალი ახერხებს, ოჯახს მარტო გაუძღვეს, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო.
თანაც, მე იმხელა განსაცდელი გამოვიარე, მასთან შედარებით, განქორწინება და ოჯახის დანგრევა არაფერია - ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ძმა მომიკლეს!
გიორგის ამქვეყნიდან წასვლა იყო ყველაზე საშინელი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა! ჩემი ძმის გარდაცვალება ისეთი ტკივილია, რომელსაც ვერაფერს შევადარებ! ამ ტკივილს ვერ იშორებ, ის ყველგან თან დაგდევს, მოუშორებლად... მეც ასე ვარ: დილაა, შუადღე თუ საღამო, ეს ტკივილი სულ თან დამყვება. თუ რაღაც მაწუხებს ან რაიმე მიჭირს, სულ მას ვესაუბრები, ყველაფერს ჩემს ძმას ვუზიარებ... წაიკითხეთ ვრცლად