ავტორი:

კავშირები რუს და ყაზახ ოლიგარქებთან და იარაღის უკანონო შენახვა - რას ედავება ჯო ბაიდენის შვილს ამერიკის პროკურატურა?

კავშირები რუს და ყაზახ ოლიგარქებთან და იარაღის უკანონო შენახვა - რას ედავება ჯო ბაიდენის შვილს ამერიკის პროკურატურა?

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი 2018 წლიდან იკვლევდა ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის პირად და საქმიან ურთიერთობებს.

გამოძიებას ტრამპის მიერ დანიშნული ამერიკელი ადვოკატი, დევიდ ვაისი ხელმძღვანელობდა, რომელმაც სრულიად შეისწავლა ბაიდენის ფინანსური დოკუმენტები და საქმიანობა უცხოურ ბიზნესში - კერძოდ, მისი ადგილი უკრაინული ენერგეტიკული კომპანია Burisma-ს საბჭოში.

2020 წელს ჰანტერ ბაიდენმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ გამომძიებლები მის საგადასახადო საქმეებს აკვირდებოდნენ და რომ ის თავის საქმეებს "ლეგალურად და სათანადოდ“ აგვარებდა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯეიმს კომერმა 9 აგვისტოს ბაიდენის ოჯახის საგარეო ბიზნესის შესახებ საბანკო ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ჰანტერ ბაიდენი და მისი ბიზნესპარტნიორები რუსი და ყაზახი ოლიგარქებისგან მილიონობით დოლარს იღებდნენ მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი იყო. თავად პრეზიდენტი მისი შვილის ბიზნეს გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს.

საბოლოო ჯამში, გამოძიების შედეგად, ორი ძირითადი საკითხი გამოიკვეთა:

  • საშემოსავლო გადასახადების გადაუხდელობა - სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2017-2018 წლებში 1,5 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო, თუმცა საშემოსავლო გადასახადი არ გადაიხადა (100 000 დოლარზე მეტი დავალიანება)
  • ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა.

პროკურორებმა ბაიდენს ბრალი 20 ივნისს წარუდგინეს.

  • იარაღის შენახვის ბრალდება

პროკურატურა ბაიდენს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვასაც ედავება. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ბრალდებული 2018 წლის ოქტომბერში, 11 დღის განმავლობაში Colt Cobra .38 Special-ს ფლობდა. საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ამ პერიოდში ბაიდენი ნარკოდამოკიდებული იყო - ფედერალური კანონი ნარკოტიკების მომხმარებლებს იარაღის ფლობას უკრძალავს. წარდგენილი ბრალი 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაიდენი გადასახადებთან დაკავშირებულ ორ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს და იარაღის უკანონოდ შეძენასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე პროკურორთან შეთანხმებას გააფორმებს.

  • როგორ გამოეხმაურა პრეზიდენტი შვილის საპროცესო შეთანხმებას?

შვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. ამერიკის პრეზიდენტმა ჰანტერს მხარი საჯაროდ დაუჭირა:

"პირველ რიგში, ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია. მე ვენდობი მას და მჯერა მისი". - თქვა ბაიდენმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს მისი შვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები მომავალ არჩევნებზე, ბაიდენმა უპასუხა, რომ ის ჰანტერის გვერდით დგას.

"ეს გავლენას ახდენს ჩემს პრეზიდენტობაზე, რადგან მე ვამაყობ მისით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პარალელურად, თეთრი სახლის ინფორმაციით, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტმა შვილი შეიწყალოს.