ავტორი:

უბედურების ზონა ჰავაის კუნძულ მაუიზე - "ხანძარმა უბნები უკაცრიელ უდაბნოდ აქცია" (ფოტოები)

უბედურების ზონა ჰავაის კუნძულ მაუიზე - "ხანძარმა უბნები უკაცრიელ უდაბნოდ აქცია" (ფოტოები)

ჰავაის კუნძულ მაუიზე მძვინვარე ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა, ვარაუდობენ, გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ გაიზრდება. ჰავაის გუბერნატორის თქმით, "ხანძარმა უბნები უკაცრიელ უდაბნოებად აქცია" და ათასზე მეტი შენობა მოსპო. ცეცხლმა მოიცვა ჰავაის ისტორიული ქალაქი ლაჰაინაც, რომელიც თითქმის სრულად განადგურდა. ბოლო მონაცემებით, კუნძულიდან ევაკუირებულია 30 000-ზე მეტი ადამიანი.

სამშაბათს ღამით, ჰავაის კუნძულებზე ხანძრის სამი დიდი კერა გაჩნდა. ცეცხლი ელვის სისწრაფით მოედო კუნძულს და ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, ევაკუირებულიყო. ეკიპაჟები აგრძელებენ მასობრივ ევაკუაციას და გადარჩენილთა ძებნას.

ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, ზოგიერთი ადგილობრივი მთელი ღამე გარბოდა, რომ ხანძრის კერებს მოშორებოდა, ზოგიერთი ადამიანი კი, ოკეანეში ხტებოდა. აშშ-ს სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ მათ წყლიდან ათეულობით ადამიანი ამოიყვანეს.

ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა განაცხადა, რომ ხანძრები უდიდესი ბუნებრივი კატასტროფაა, რაც კი შტატის ისტორიას ახსოვს: "ის, რაც ვნახეთ, კატასტროფული იყო",- თქვა მან.

"ლაჰაინას განადგურების მასშტაბი გაგაოცებთ. ქალაქი ისე გამოიყურება, თითქოს აქ ბომბი ააფეთქეს. აღდგენას წლები და მილიარდობით დოლარი დასჭირდება, მაგრამ ქალაქი აღდგება",- დასძინა ჯოშ გრინმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს მაუის კატასტროფის დეკლარაცია დაამტკიცა, რომელიც ჰავაის დაზარალებული ტერიტორიების აღდგენის საშუალებას მისცემს. მან პირობა დადო, რომ დაუყოვნებლივ დაეხმარებიან ყველას, ვინც ხანძრის დროს ოჯახის წევრი ან სახლი დაკარგა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა