ავტორი:

"აქ ყველა მდუმარედ მუშაობს... ერთი კაცი იყო მოსული ცოლის ამოსაცნობად, ჩემი ცოლი არ არისო, არ სჯეროდა მომხდარი" - რას ჰყვება 18 წლის მოხალისე სტიქიის ზონიდან?

"აქ ყველა მდუმარედ მუშაობს... ერთი კაცი იყო მოსული ცოლის ამოსაცნობად, ჩემი ცოლი არ არისო, არ სჯეროდა მომხდარი" - რას ჰყვება 18 წლის მოხალისე სტიქიის ზონიდან?

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა ცხედრების სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 9 აგვისტოს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს და ამით მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, მაშველები კიდევ 10-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.

18 წლის ვასილ დვალაძე ერთ-ერთია მეწყრის ზონაში მომუშავე მოხალისეებს შორის. ის დღეს ჩვენი რესპოდენტია.

- მე ვარ ვასილ დვალაძე, რაჭველი, ამბროლაურიდან. შოვის ტრაგედია თავზარდამცემი იყო ყველასთვის. მეწყერი რაჭველებს არ უკვირთ, მაგრამ ამ მასშტაბის, უხუცესებსაც არ ახსოვთ. რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან მომინდა, რომ წვლილი შემეტანა მეწყრის ზონაში მოხვედრილთა დასახმარებლად, მაგრამ თავიდან მხოლოდ და მხოლოდ მაშველებს უშვებდნენ და მათ, ვისაც სპეციალური სწავლების შემდეგ შეეძლოთ იმ ტერიტორიაზე შესვლა. მერე, როცა გავიგე, რომ სტიქიის ზონაში "წითელმა ჯვარმა" კარვები დადგა, მაშინვე ამბროლაურის "წითელი ჯვრის" ოფისში მივედი და ჩავეწერე მოხალისედ. ჯერ გვასწავლეს ელემენტარული უნარ-ჩვევები, სად როგორ მოვქცეულიყავით, დაზარალებულის ოჯახის წევრთან როგორ გვესაუბრა, რა ღონისძიებები გაგვეტარებინა და გაგვიშვეს.

ამბროლაურის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელ დავით დუშუაშვილთან ერთად

- სად დგას "წითელი ჯვრის" კარვები?

- სულ სამი კარავია: ორი - ცივ წერტილში, პირველ ხიდთან, სანამ შოვში ავალთ, მანამდე. ამ ორიდან ერთი კარავი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევისთვისაა, მეორე - სასურსათო დახმარებისთვის. მესამე კარავი ცხელ წერტილში დგას, ხიდი რომ წაიღო მეწყერმა (ახლა იქ ახალი სახელდახელო ხიდია), იქიდან დაახლოებით 100 მეტრში. იქვე მაშველების კარავიცაა, სასწრაფოც დგას. მოხალისეებს ხიდის იქით გასვლის უფლება არა გვაქვს.

რადგან მე ამბროლაურელი ვარ, ამბროლაურელებზე გიამბობთ - ვისაც შეუძლია მოხალისედ ეწერება, ზოგი სურსათს გზავნის, ვინ მანქანით ემსახურება, ყველას უნდა სტიქიით დაზარალებულებს დაეხმაროს. მოხალისეების უმრავლესობა რაჭის შემოგარენიდანაა, დანარჩენები, ფსიქოლოგები, სოცმუშაკები და ა.შ., სხვადასხვა კუთხიდან არიან. რაჭას ყველა გვერდში უდგას. მთელი საქართველოდან მოდის დახმარება. ჩვენ აღვრიცხავთ შემოწირულობებს და ვარიგებთ.

შოვი ჩემს მოგონებებში ყველაფერ დადებითთან ასოცირდებოდა. აქ უამრავი წარმტაცი ადგილი იყო, სადაც შეგეძლო დაგესვენა, მოგელხინა. თუ ვინმე სტუმრობდა რაჭას, ყველა იქ მიგვყავდა, ყოველთვის თავს ვიწონებდით რაჭველები შოვით. ახლა რომ ავედი და დავინახე, რა დღეშია ის მიდამოები, თავზარი დამეცა. მიწასთან არის გასწორებული ეს თვალწარმტაცი კურორტი, ტალახის მასადაა გადაქცეული. მუშაობს ტექნიკა, იწმინდება კოტეჯების არეალი და მაშველები მიჰყვებიან ფეხდაფეხ. ყველა თავდადებულად და მდუმარედ მუშაობს. სტრესული გარემოა. სულ ცუდი ამბის მოლოდინში ვართ. ფიზიკურზე რომ არაფერი ვთქვათ, ფსიქოლოგიურად იღლები.

- ყველაზე ემოციურ მოგონებად რა დაგრჩებათ ამ დღეებიდან?

- დაზარალებულთა ოჯახის წევრების დანახვა, რომლებიც სულ იქ ტრიალებენ, მათი თვალები ისეთი მწუხარეა, ცრემლებით დაღლილი და გამომშრალი... ერთი კაცი იყო მოსული ცოლის ამოსაცნობად. ამბობდა, ჩემი ცოლი არ არისო, არ სჯეროდა, მაგრამ მერე ექსპერტიზაზე დე-ენ-ემმა აჩვენა, რომ მისი მეუღლე იყო. ამ დღეებში არაერთი პოლიტიკური განცხადებისა და ურთიერთბრალდების მოწმე გავხდით. ზოგი რაღაც პოსტებს წერს, ვიღაცებს აკრიტიკებს ან ლანძღავს, რომ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს და ამით ვიღაცის თვალში ამაღლდეს. ახლა პოლიტიკის დრო ნამდვილად არ არის. ადამიანები დაზაფრულები არიან და ამ დროს ასეთი განცხადებები და პოსტები ცეცხლზე ნავთის დასხმაა. ამ მძიმე დღეებში ხშირად ვფიქრობ, რა ხანმოკლეა წუთისოფელი და დასანანია, რომ ადამიანებს მაინც ემეტებათ დრო ერთმანეთის სალანძღავად.