ავტორი:

"მთავრობა აღარ გვიშვებს სტიქიის ზონაში, არ გვაქვს წვდომა მთელ რიგ დოკუმენტებზე" - როგორ პასუხობს "მთის ამბები" შალვა პაპუაშვილის ბრალდებებს

"მთავრობა აღარ გვიშვებს სტიქიის ზონაში, არ გვაქვს წვდომა მთელ რიგ დოკუმენტებზე" - როგორ პასუხობს "მთის ამბები" შალვა პაპუაშვილის ბრალდებებს

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს კიდევ ერთხელ დაესხა თავს ონლაინგამოცემა "მთის ამბებს“. მას არ მოსწონს, რომ ჩვენი გამოცემა შოვში მომხდარ ტრაგედიას სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან აშუქებს", - ამის შესახებ ნათქვამია "მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს არ მოსწონთ მთავრობის წარმომადგენლებსა და "ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ლიდერებს.

"ჩვენი ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ საზოგადოების ინფორმირება, განსაკუთრებით კრიზისული ვითარების დროს. ახლაც მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებული, ხელისუფლების მიზანია მოგვაცდინონ, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაგვატანინონ, საზოგადოებაში კი დაბნეულობა შეიტანონ. არ ვაპირებთ, ხელისუფლებას შევყვეთ პოლიტიკურ დებატებში.

მთავრობა აღარ გვიშვებს სტიქიის ზონაში, შეზღუდული აქვს სახელმწიფო უწყებებში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემა. ფაქტობრივად, არ გვაქვს წვდომა მთელ რიგ დოკუმენტებზე. ამის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ სტიქიური უბედურების მიზეზების კვლევას, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოვლენას და საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებას.

ბოლო დღეებში "ქართული ოცნება“ "მთის ამბების“ წინააღმდეგ აწარმოებს აგრესიულ კამპანიას. ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ჟურნალისტების ფიზიკურ ხელშეუხებლობასა და პროფესიულ საქმიანობას, პარლამენტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და სხვა საჯარო პირების დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო განცხადებები ახალისებს ძალადობის სახიფათო ფორმებს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ "მთის ამბების“ ჟურნალისტების უსაფრთხოება“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "მთის ამბებმა" მეწყერთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.

"არასამთავრობო ორგანიზაცია "მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტიქიის ამგვარი შედეგის მიზეზი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მდ. ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა, ახალმა კალაპოტმა ქვაღორღის მასა ვერ გაატარა და ის ამიტომ გადავიდა დანარჩენ ტერიტორიაზე. სინამდვილეში, ძველი კალაპოტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში არის შეცვლილი და მას შემდეგ ის სწორედ არსებულ კალაპოტში მოედინება და რაიმე სხვა ცვლილება კალაპოტზე არ მომხდარა. ამაზეც განმარტება გააკეთა გარემოს დაცვის სააგენტომ და აქაც საჯაროდ მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციას "მთის ამბებს“, რომ უარეყო აღნიშნული ცრუ ინფორმაცია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დღემდე რამე რეაგირება არ ყოფილა და ეს ყალბი ნარატივი სტიქიიდან რამდენიმე დღე შენარჩუნებული იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მდინარე ბუბისწყალში ორი დღის განმავლობაში წყალი საერთოდ არ მოდიოდა, ან იყო წყლის დაკლებული დონე, რაც იმის ნიშანი იყო, რომ სათავეში წყალი გუბდებოდა, ამაზე კი არავინ რეაგირებდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იმავე დღეს განაცხადა, რომ სტიქიის ადგილიდან 4 კილომეტრით ქვემოთ მდ. ჭანჭახზე (რომლის შენაკადიც არის ბუბისწყალი) განთავსებულია წყლის ხარჯის მზომი სადგური, რომლის მაჩვენებლებიც ადასტურებდნენ, რომ სტიქიამდე პერიოდში არ დაფიქსირებულა წყლის დონის კლება, შესაბამისად შეგუბებაც გამორიცხული იყო. მიუხედავად ამ მხილებისა და "მთის ამბების“ მიმართ საჯარო მოწოდებისა, რომ უარეყო ეს ინფორმაცია, რაიმე რეაგირება ამას არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ამ ინფორმაციით გამყარდა სტიქიის გამომწვევი მიზეზის შესახებ მთავარი მცდარი ნარატივი, რომ თითქოს ორი დღის განმავლობაში ხდებოდა ე.წ. გლაციალური ტბის შეგუბება, რომელიც შესამჩნევი უნდა ყოფილიყო, და არსებობდა საკმარისი დრო რეაგირებისთვის. ამ ვერსიას, მაშინაც კი, როდესაც ის უარყოფილ იქნა სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, აქტიურად ავრცელებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.