ავტორი:

"არ მგონია, დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა - ვინც უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა" - მიხეილ სარჯველაძე შოვის სტიქიაზე

"არ მგონია, დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა - ვინც უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა" - მიხეილ სარჯველაძე შოვის სტიქიაზე

"არ მგონია, დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა - ვერ ვხედავ ახსნას, როგორ შეიძლება არგუმენტირებული იყოს, 15 წუთში დაიწყებდი თუ ერთ საათში ძებნას, იმ მასის გათვალისწინებით, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა პერსპექტივების თვალსაზრისით", - ეს შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ შოვის სტიქიაზე საუბრისას გააკეთა.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, სტიქიას ის ადამიანები გადაურჩნენ, ვინც იმ წუთას ისეთ ადგილას იყვნენ, "სადაც მასამ არ დაფარა".

სარჯველაძის თქმით, "ვინც იქ უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა და არც ერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ მაგალითად, რამდენიმე საათის დაგვიანებით აღმოჩენილიყო დაღუპული".

"თავისი მასშტაბით მართლაც არნახული სტიქია და ტრაგედიაა. რეზულტატები, რომელიც ადამიანური ტრაგედიების სახით გვაქვს, შეუძლებელია ვინმეს გულგრილს ტოვებდეს. ეს არის ძალიან დიდი დრამა და მთელი საქართველოს ტრაგედია, თუმცა ძალიან სამწუხარო და გულსატკენია, რომ პოლიტიკოსები იცლიან და ძალას პოულობენ, რომ აქცენტი პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ. ნაცვლად იმისა, რომ პირველივე წუთებიდან ტრაგედიის განცდის ემოცია ყოფილიყო, მომენტალურად საკითხს ცივად მიუდგნენ და შოვის ტრაგედიის გამოყენებით პოლიტიკური დებატებისთვის ახალი ასპარეზი გახსნეს. კალაძის ოჯახის წამოსვლასთან დაკავშირებით თვითონაც გადასარევად ფლობდნენ ინფორმაციას, თუ რა მოხდა, მაგრამ სანამ კონკრეტული კადრები არ დაიდო, სტრატეგია არ შეცვალეს.

იგივე შემიძლია ვთქვა ვერტმფრენების ისტორიასთან დაკავშირებით. ვინმემ რაიმე ფუნქცია თქვას, რისი შესრულებაც ვერტმფრენს შეეძლო და ვერტმფრენის არქონის გამო ვერ შესრულდა.

იგივე შემიძლია ვთქვა უცხოეთისგან შემოთავაზებულ დახმარებაზე და ჰუმანიტარული მოტივაციით წამოყენებულ ინიციატივებზე. ოპოზიციამ სცადა მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად ექცია, რაც ამორალური საქციელია.

არც ერთი ისეთი რეკომენდებული აქტივობა არ არსებობს, რომელიც ან დაგვიანდა, ან არ განხორციელდა ან არასათანადო რესურსით განხორციელდა. ყველაფერი იყო უზრუნველყოფილი, რასაც კი შეეძლო სტიქიის შედეგების მინიმიზირება და ადამიანების გადარჩენა.

რაც შეეხება დეტექციის სისტემას ამასთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია მოვისმინეთ - არავითარი მეცნიერული დასაბუთება არ გააჩნია იმ სპეკულაციურ ვერსიებს, რომლითაც ხელისუფლების დადანაშაულებას ცდილობენ.

მასშტაბი, ტრაგიკული გარემოებების დამთხვევა განაპირობებს დასკვნას, რომ წინასწარი პროგნოზირება რასაც საფრთხის თავიდან აცილება შეეძლო, ობიექტურად შეუძლებელი იყო", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.