ავტორი:

გარდაიცვალა ისტორიკოსი, სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილი, ელენ კარერ დ’ანკოსი (ზურაბიშვილი)  -  ვინ იყო "სოვეტოლოგთა დედოფალი", რომელიც ამბობდა, რომ "რუსეთი არავის მტერი არ არის"

გარდაიცვალა ისტორიკოსი, სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილი, ელენ კარერ დ’ანკოსი (ზურაბიშვილი)  -  ვინ იყო "სოვეტოლოგთა დედოფალი", რომელიც ამბობდა, რომ "რუსეთი არავის მტერი არ არის"

5 აგვისტოს ისტორიკოსი ელენ კარერ დ’ანკოსი (ზურაბიშვილი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ელენ კარერ დ'ანკოსი არის პირველი ქალი, რომელიც ფრანგული აკადემიის მუდმივ მდივნად აირჩიეს 1999 წელს. ხელმძღვანელობდა ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური არქივის კომისიას ორი ათწლეულის განმავლობაში.

ლენინის, სტალინის, ხრუშჩოვის ბიოგრაფიებისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის შესახებ უამრავი ნაშრომი აქვს დაწერილი. დანკოსს "სოვეტოლოგთა დედოფალს“ უწოდებენ.

ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილი იყო.

ელენ კარერ დ’ანკოსი დაიბადა პარიზში, გიორგი ზურაბიშვილის ოჯახში, მას დედა რუსი ჰყავდა. რადიო თავისუფლებასთან სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ ელენი მშობლების განქორწინების შემდეგ რუს დედასთან იზრდებოდა და კულტურული და ენობრივი თვალსაზრისით მისი გავლენის ქვეშ იყო.

"ის იყო ჯერ საბჭოთა კავშირის სპეციალისტი და მერე, რუსული ენის გამო, გახდა უფრო რუსეთის სპეციალისტი. მაგრამ საქართველოზეც, როცა საბჭოთა კავშირი იყო, ბევრი აქვს დაწერილი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დ’ანკოსს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა რუსულ სამეცნიერო წრეებთან, მუდმივად საქმის კურსში იყო რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

  • წლების წინ ტელეკომპანია "როსიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა. დ’ანკოსის თქმით, ბიძაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გადაწყვიტა, რომ აღარ ისაუბრებდა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი "არავის მტერი არ არის“.

“მოგეხსენებათ, ყველა ოჯახში არიან განსხვავებული ადამიანები და არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მიაჩნიათ, რომ ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ - თქვენ ერთი, სხვას კი - სხვა. მე კარგად მიცნობენ რუსეთშიც და საფრანგეთშიც. მიმაჩნია, რომ რუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი. ხშირად ვამბობ, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია.

ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ რაც ჩემი ბიძაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, გადავწყვიტე, რომ არასდროს არსად ვილაპარაკებ არც საქართველოს და არც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე“, - განაცხადა ელენ კარენ დ’ანკოსმა.