პორტუგალია მაღალი ტემპერატურის ფონზე ათასობით ჰექტარზე გავრცელებული ტყის ხანძრების ჩაქრობას ცდილობს. ამ დროისთვის, ქვეყანაში სულ 19 სოფელია ევაკუირებული.
ორშაბათს ღამით, სამხრეთით მდებარე ქალაქ ოდემირასთან გაჩენილი ხანძრის გამო, 1400-ზე მეტი მოქალაქე იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. ხელისუფლებამ ხანძრის სალიკვიდაციოდ ადგილზე 800-მდე მეხანძრე გაგზავნა, ქვეყნის ორ ზონაში კი 16 წყალმაქრი ვერტმფრენი მუშაობს. შედეგად, სამი ძირითადი ხანძარი, რომელმაც ასობით ჰექტარი გადაწვა, შაბათ-კვირას კონტროლის ქვეშ მოექცა.
ხელისუფლებამ ტყის ხანძრის მაქსიმალური რისკის ქვეშ, პორტუგალიის მასშტაბით, 120-ზე მეტი მუნიციპალიტეტი გამოაცხადა. პარალელურად, ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება სიცხეები და ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.
ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს წარმომადგენელმა, რუბენ დელ კამპომ Reuters-ის სააგენტოს განუცხადა, რომ სიცხე ჩრდილოეთ აფრიკის ცხელი, მშრალი ჰაერის დიდი მასის გადაადგილებითაა გამოწვეული და აგვისტოში სიცხე კიდევ უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ეს ივლისში დაფიქსირდა.
წყარო: BBC
მოამზადა: ანა სიბოშვილმა