ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გუდაურში დაღუპული მფრინავის შვილის პოსტს ეხმაურება, სადაც ანა ლორია ნიკოლოზ რაჭველსა და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სტიქიის ზონაში მომუშავე სახელმწიფო უწყების თანამშრომლები გააკრიტიკა.
"გმირის შვილებს განსაკუთრებით არ უხდებათ ასეთი განცხადებები. ნიკა რაჭველი საუბრობდა ხელისუფლებაზე და არა მაშველებზე", - წერს ჟორჟოლიანი.
გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის, ზაზა ლორიას ქალიშვილმა პოსტი დღეს გაავრცელა, რომელშიც წერდა:
"ამერიკის შეერთებული შტატები. 2 თვის წინ ღამის 9 საათზე ვაშინგტონში ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად 11 ადამიანი და ერთი ძაღლი ჩარჩა ტერიტორიაზე. ქარის ფაქტორის გამო, უსაფრთხოების მიზნით ვერ მოხერხდა ღამის ფრენებზე ვერტმფრენის გაგზავნა. 12 საათის შემდეგ, გამთენიისას მოხდა მათი ევაკუაცია. ნეტა თუ ჩაქოლეს და "მაშველებს ეძინათ?" ეძახეს?ნეტა თუ მიწასთან გაასწორეს, რატომ ერთ საათში არ მოფრინდნენო?
ნეტა მამაჩემს რომ შარშან გამოეცხადებინა, უსაფრთხოების მიზნით ვერ გაფრინდება ვერტმფრენი და წამოსულიყო ჩემთან, რას უზამდნენ? ნეტა თუ ცოცხლად დამარხავდნენ იმ 7 ადამიანთან ერთად! ნეტა თუ კარგია, რომ შეაკლა თავი?!
ბორჯომის ხანძრების დროს თურქეთის ავიაცია დაიქირავეს დასახმარებლად! 4 საათი იფრინეს და გააჩერეს ვერტმფრენები. ძლიერი დაკვამლიანების გამო პილოტების უსაფრთხოების მიზნით მეტს ვერ ვიფრენთო. მამაჩემი და მისი ეკიპაჟი გათენებიდან მზის ბოლო სხივამდე ენაგადმოგდებულები რომ დაფრინავდნენ, დღის ბოლოს ფეხზე რომ ვეღარ იდგნენ, ისმენდნენ, რატომ შეაჩერეს ღამის ფრენებიო!გაბრაზებულმა რომ ავდექი და ვუთხარი, ხოდა რა თავს იკლავთ, დაგესვენათ და გეთქვათ თქვენც, უსაფრთხოების მიზნით ვეღარ გავფრინდებითო: "ჩემი ქვეყნის ტყე იწვის, მაგათ რა ადარდებთ" მივიღე პასუხად! მამაჩემის პანაშვიდებზე მოსულ ბიჭებს სულ გულის ფიცარში რომ ვურტყი მუჯლუგუნები, არ გაბედოთ მისხალი რისკის ფასად არსად გაფრენა-თქო, ორსიტყვიანი პასუხი გამცეს: "აბა როგორ?"მთელი ბავშვობა ყოველ დილით რომ შუბლზე კოცნით გვემშვიდობებოდა მამაჩემი ოჯახის თითოეულ წევრს, წასვლის წინ კარზე გაკრულ "სახლიდან გასვლის წინ ლოცვას" რომ კითხულობდა, ოჯახის ტრადიცია მეგონა.
მოზრდილმა რომ ვკითხე, რატომ აკეთბდა ამას? "მე ისეთი პროფესია მაქვს, კარს რომ მოვიხურავ უკან დავბრუნდები თუ არა არ ვიცი", - მივიღე პასუხად. ნეტა რომელიმეს პირით ერთი გადაკრული წუწუნი მაინც თუ მოგისმენიათ წლებია, ნეტა რომელიმეს გულში თუ ჩაგიხედავთ, "პილოტებს ეძინათ" კომენტარებს რომ კითხულობენ. ნეტა ადამიანების დაფასებას თუ ვისწავლით როდესმე? დღეს ნიკოლოზ რაჭველი "ვერ პატიობს" სიცოცხლეს. დღეს ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში. მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის ბატონო მაესტრო!ჩემი გულის ფეთქვა ხართ, ბიჭებო, მამაჩემი ხართ თითოეული თქვენგანი, ბიჭებო!არ გაბრაზდეთ, არ გეწყინოთ!
მე რა შემიძლია, მაგრამ ყველგან ხმის ჩახლეჩამდე ვიყვირებ და თქვენს ინტერესებს დავიცავ! ერთი ადამიანის გონებამდეც თუ მივიტან თქვენს ფიქრებს ბედნიერი ვიქნები!გასკდა გული, განმიახლდა ჩემი მოუშუშებელი ტკივილები, სულის ყველა ნაწილში მტკივა ტალახში ჩამხრჩვალი ხალხი და მათი ოჯახის წევრების გულებში ვერჩამქრალი იმედის ნაპერწკალი. თავს შევაკლავ და არ ვაპატიებ არავის ერთ გადაკრულ სიტყვას! მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, გაკმაროთ თქვენც და სრულიად საქართველოს!" - წერს ლორია.
წაიკითხეთ ასევე: