ავტორი:

საქართველოში თბურ ტალღას ელიან - "მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობის პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს"

საქართველოში თბურ ტალღას ელიან - "მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობის პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს"

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმდინარე კვირაში ტემპერატურის მატების თაობაზე აფრთხილებს.

"მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა). ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, +39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +39, +41◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C, მაღალმთაში +28, +33◦C მდე მოიმატებს", - ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, "მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს".

ტემპერატურის მოსალოდნელ მატებაზე განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც ავრცელებს.

"მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი. ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში. აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება ევროპის კონტინენტზეც. ცენტრალური ევროპის ქვეყნების ნაწილში, ჯერ კიდევ ივლისში მაქსიმალურმა ტემპერატურამ 46 ◦C - ს მიაღწია. მაღალი ტემპერატურა იყო ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ჩრდ. ამერიკასა და ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში.

სიცხემ ხანძრები გამოიწვია საბერძნეთში, პორტუგალიაში, კანადასა და ალჟირში.