ავტორი:

"ჩავეხუტე და ზურგით დავდექი მეწყერთან. მეწყერი დაგვეჯახა... მაშო აღარ მყავდა ხელში, მივხვდი, ხელი არ უნდა გავუშვა-თქო" - რას ჰყვება დავით ჯელაძე, რომელმაც 5 წლის დისშვილი მეწყრიდან ზურგით გამოიყვანა

"ჩავეხუტე და ზურგით დავდექი მეწყერთან.  მეწყერი დაგვეჯახა...  მაშო აღარ მყავდა ხელში, მივხვდი,  ხელი არ უნდა გავუშვა-თქო" - რას ჰყვება დავით ჯელაძე, რომელმაც 5 წლის დისშვილი მეწყრიდან ზურგით გამოიყვანა

ფოტო შოვიდან, სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავს ახალგაზრდა მამაკაცს მხრებზე შესმული ბავშვი მეწყრიდან, მთელმა საქართველომ ნახა. ფოტოზე აღბეჭდილი ბიჭი დავით ჯელაძე, რომელიც გადაცემაში "360 გრადუსი" მომხდარს იხსენებს. ის ჰყვება, რომ მეწყრის ეპიცენტრში აღმოჩნდა. საბედნიეროდ, მისი ოჯახი სტიქიას გადაურჩა.

"მზიანი დღე გათენდა და ბავშვების შოვში წამოყვანა გადავწყვიტეთ, მთელი ოჯახი წავედით. ფესტივალი სადაც ტარდება, იქ ავედით, გაერთდნენ ბავშვები. შემდეგ გადავწყვიტეთ სახლში წამოსვლა, გზადაგზა ფოტოებს ვიღებდით. სანამ შოვის კოტეჯებამდე მიხვალ, იქვე მინერალური წყალია და იმ წყალზე გადავწყვიტეთ ჩასვლა. მე მინდოდა, რომ გაესინჯათ ბავშვებს.

იქ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი იყო - დამსხვენებლები, ადგილობრივები. წყალი გავსინჯეთ და უკან წამოვედით, ჩემი სიძე წინ იყო, ზედა გზაზე ავიდა, მეძახდა ზემოდან, სწრაფად, სწრაფად ამოდიო, მე ვერ გავიგე, რის გამო მეძახდა, მაგრამ არ გაჩერდა, ამოდი, ამოდი სწრაფადო, მეძახის. შევატყვე სახეზე, რომ კარგი რამ არ ხდებოდა. მეც წავედი, შევედი ხიდზე და რას ვხედავ, ანუ აღარაფერი აღარ არის საერთოდ, მთლიანი შოვი წაღებულია, ჩვენ წინ გზა აღარ არის საერთოდ, ამხელა მასა მოდის, ამხელა ხმით. ისეთი ხმა ჰქონდა, რომ მარტო ხმა მოკლავდა ადამიანს, ალბათ.

ამ ფოტოზე დავით ჯელაძე სხვა ბავშვთან ერთად არის. სტიქიის დროს ის სხვა ბავშვის გადარჩენასაც ცდილობდა

გადავწყვიტეთ, უკან წავსულიყავით, საიდანაც მოვდიოდით, ვიფიქრეთ, რომ იქეთ მაინც გავასწრებდით და უკან რომ გავიხედეთ, დავინახეთ, რომ ეს მასა აქეთ გადმოვიდა და უკანა გზაც დაგვიკეტა და სულ მინერალური წყლის ტერიტორიაზე ჩავიდა, სადაც ვიყავით ორი წუთის წინ ჩასული, წამებში სულ გადაფარა, აღარაფერი აღარ იყო საერთოდ.

ჩვენ დავრჩით ხიდზე და გადმოვედით მანქანებიდან, გზები ჩაიკეტა, ვერც წინ, ვერც უკან ვერ მივდიოდით. ისმის სასწაული ხმა, ნგრევის, გავიხედეთ და მოდის უშველებელი მიწის ტალღა, ძალიან სწრაფი სიჩქარით და მოდის ჩვენკენ და ჩვენ გასასვლელი არ გვაქვს. საშინელი პანიკა იყო, მთელი ოჯახი იქ ვართ.

ამ ერთ მასას გაუძლო ხიდმა და მეორე მასა რომ დაეჯახა, ჩემს სიძეს დავუძახე, გამოიქეცი თორემ მაგ ხიდს წაიღებსთქო და ამის დაძახება ხიდიდან გადმოსვლა ერთი იყო და მეორე ტალღა დაეჯახა. ეს ხიდი საერთოდ მოწყვიტა, ყველა, ოთხივე მაქნანა იქ რაც იყო, თან ჩაიტანა. აღმოვჩნდით შუა მეწყერში.

ჩემი დისშვილი შემრჩა მე ხელში, პატარა მაშო, გავიხედე და იყო რამდენიმე ხე და მაშოს ვუთხარი, იმ ხემდე უნდა მივიდეთ რომ გადავრჩეთ-მეთქი. მაშოს შეეშინდა თავიდან და მეთქი არაუშავს, ერთად უნდა ვიყოთ და უნდა მივიდეთ მეთქი. შემოვისვი მხრებზე და მივდივარ და ვერ მივდივარ, იმიტომ, რომ ძალიან ღმად ვარ მიწაში, მუხლებზე ზემოთ იყო მიწა. მაგრამ როგორღაც მივდივარ და უნდა მივიდე ამ ხესთან.

ზემოდან ისევ ისმის დამანგრეველი ხმა, ავიხედე და იგივენაირი ტალღა მოდის. მაშოს ჩავეხუტე და ზურგით დავდექი მეწყერთან. ეს მეწყერი დაგვეჯახა მაშო აღარ მყავდა ხელში და ერთი იმას მივხვდი, რომ მეთქი ხელი არ უნდა გავუშვა-თქო. ეს ტალღა მერე ნელ-ნელა განელდა, დავინახე მაშო ნახევრად მიწაში იყო ჩასული. როგორღაც ამოვიყვანე და გავწმინდე თორემ ტალახის გამო ძალიან მძიმე იყო, ვეღარ ვერეოდი. ხოდა, შევაგდე ამ ხეებთან, მეც მიწაში ვარ, ვერ ამოვდივარ, ხელებს ვერ ვიყენებ იმიტომ, რომ სიმაგრე არსად არაა, როგორღაც წვალებით და ჯახირით ამოვედი და მაშოს ვეუბნები, მე მგონი გადავრჩით-მეთქი. მერე რომ მივხდით, რომ დაწყნარდა და საფრთხე აღარ იყო, ავედით ზედა მხარეს, ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრებიც იქ იყვნენ", - ჰყვება დავით ჯელაძე..