ავტორი:

"ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს, იქ ვერაფრით შევიდოდი... ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედა ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს" - მარიტა გუტაშვილი, რომელიც 9 ახლობელს ეძებს

"ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს, იქ ვერაფრით შევიდოდი... ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედა ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს" - მარიტა გუტაშვილი,  რომელიც 9 ახლობელს ეძებს

შოვში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე 16 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. დაღუპული ადამიანების ნაწილის ამოცნობა, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. დაკარგულების ახლობლები დღეს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ, რათა მათ ამოეცნოთ ცხედრები, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გვამები ისეთი დაზიანებულია, რომ დნმ-ს ნიმუშების აღების და დამატებითი კვლევების გარეშე მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

AMBEBI.GE მარიტა გუტაშვილს ესაუბრა, რომელიც 9 ახლობელს ეძებს:

"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამი დაკარგული ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, მაგრამ ტყუილია, თუ მართალი, არ ვიცი, მე არავინ დამკავშირებია. პროზექტურიდან მოვდივართ, ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს. მე ისინი არ მინახავს, იქ ვერაფრით შევიდოდი, ძალიან დაზიანებულიაო, მითხრეს. ფოტოებსაც ვერ დავხედე, შეუძლებელია ასე გარკვევა. დნმ-ს ანალიზი აგვიღეს და იქნებ ასე შეძლონ მათი ვინაობის დადგენა.

დღეს ჩვენი ძაღლი - ბონი გამოჩნდა, სტიქიის დროს არ ვიცი, სად იყო, ხანდახან გადიოდა და სეირნობდა. ვიფიქრეთ, იქნებ საიდანაც გამოვიდა, ჩვენებიც იქ იყვნენ და ახლა იმ მიდამოებში ეძებენ ბიჭები. ბონის გარდა, 3 ძაღლი გვყავდა და არც ერთი არ ჩანს. ადგილზე საკმაოდ რთული რელიეფია, ტალახი სქელდება, როგორია იქ ძებნა? ჯერ-ჯერობით, იმედის მომცემი არაფერია, არსაიდანარანაირი ნიშანი არ ჩანს, ველოდები სამაშველო სამუშაოების დამთავრებას, ბიჭები თავს არ ზოგავენ.

სტიქიის დროს ჩვენები, სავარაუდოდ, კოტეჯში იყვნენ, რომელიც ადრინდელი სტიქიის დროს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო. ღვარცოფი სადაც ჩამოვიდა და ლავა წამოვიდა, კოტეჯიც იქ იდგა...

ყველა კოტეჯი წაღებულია, არც ერთი არ გადარჩენილა. მარტო კალაძის "სანსეტ შოვი“ დგას - თავის დროზე ისე გააკეთა, მთელი მთები რომ დაშლილიყო, იმას არაფერი მოუვიდოდა. გზას რომ აკეთებდნენ, პირდაპირ ჩვენ მოგვიშვირეს. ტელევიზორიდან რომ გზავნის მესიჯებს, მოვიდეს და დამელაპარაკოს, მე ტელევიზორთან დასაჯდომად მცალია ახლა? ასე მაქვს საქმე? მაგას უნდა ვუსმინო, სად რას გამოაცხადებს?

ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედას მდგომარეობა კატასტროფულად რთულია, ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს და ვერავის ცნობს. მამაც ძალიან ცუდადაა, მანქანით დგას შემაღლებულ ადგილას და გამუდმებით ჭოგრიტით ათვალიერებს არემარეს, იქნებ ვინმე გამოჩნდეს, ან ამოიყვანონ. ამ დროს კალაძე ამბობს, მანქანებით გავედიო. ჩამოვიდეს და დამელაპარაკოს, ის თმააჩეჩილი რომ გამომიგზავნეს, იმან არაფერი იცის და რად მინდოდა? ვინც ჩამოსასვლელია, ის ჩამოვიდეს და იმან ამიხსნას რა, როგორ და რატომ მოხდა. გაქცეულები არიან, ვინ ამოიღებს ხმას?

ვიღაც ქალს დაუწერია ჩემთან, კომენტარებში - ვაიმე, მანდ რატომ გააშენეთ კოტეჯებიო. 1929 წელსაა ეს კოტეჯები გაშენებული, ერთი საუკუნისაა. იმხანად გეოლოგებმა შეამოწმეს იქაურობა და დაადგინეს, რომ უსაფრთხო იყო. 1 საუკუნე რომ გავიდა, დროდადრო შემოწმება ხომ უნდოდა სახელმწიფოს მხრიდან, თან როცა მაქედან 24%-ს სახელმწიფო იღებს? შეემოწმებინათ, ხალხი რომ არ ჩახოცილიყო. მაშინ, როცა მანამდე რამდენიმეჯერ მოხდა ასეთი ამბავი, უნდა ჩამოსულიყვნენ და გაერკვიათ, რა ხდებოდა ზევით. ახლა გამოგზავნილი ჰყავდათ თავისი სტრუქტურებიდან თანამშრომლები, აზომვით სამუშაოებს ატარებდნენ. ჩემი დადგმული კი არაა, ერთსაუკუნოვანი კოტეჯებია. ვინც იცის რა კარგია შოვი, მოდიოდა. მაგრამ ახლა რაღა კარგი - სასაკლაოა შოვი.

ეს ამბავი რომ მოხდა, თბილისში ვიყავი, ვმუშაობდი. ჩემი ძმა - გიგი აბიტურიენტია, იურიდიულზე აბარებდა რობაქიძეში და ქულების დადებას ელოდებოდნენ ჩემები. დედას დაურეკეს, რომ კარგი ქულები ჰქონდა, ჩემთან დარეკვა ვეღარ მოახერხეს. ჩემი და - მეგიც რობაქიძის იურიდიულის მაგისტრის კურსდამთავრებულია. დაკარგული დეიდაშვილები ორივე ეკონომისტები არიან - 24 და 20 წლის (სტუდენტია). ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ზაფხულობით ერთად ვატარებთ დროს. მათთან ერთად იყო ჩემი ბიძაშვილი ნატო ჭელიძე სამ პატარა ბავშვთან ერთად, სულ 9 ოჯახის წევრი დავკარგე. ასევე ნათესავი - გენადი სულთანიშვილიც დაკარგულია. მივალ ახლა სტიქიის ეპიტცენტრში, იქნებ ბონიმ გვაპოვნინოს ჩემები“.

წაიკითხეთ ასევე: