ამ დრომდე გრძელდება ძებნა შოვში დედის, ნატო ჭელიძისა და მის სამი შვილის - ლუკას, ანდრიას და ანასტასია დუდაშვილების ძებნა. AMBEBI.GE-სთან საუბარში ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოებში ბავშვების მამაც ჩართულია. სხვა სიახლე ამ ეტაპისთვის არ აქვთ.
"არაფერი სიახლე არ გვაქვს. გადავიდა ამ ბავშვების მამაც და ეძებს თვითონაც. მეტი ინფორმაცია ჩვენ არა გვაქვს" - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა.
ბოლო ინფორმაციით, მეწყერს 14 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველები 20-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.
სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. მაშველებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებიან სამხედროები.
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვიან ღამემდე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში.
"შემუშავდა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ. თავდაცვის მინისტრთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ზურა აზარაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.